ათეა-ს ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის (N4ED) ფარგლებში, ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
2019-05-28 17:46:15საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სასტუმროში „ჯორჯიან პალას ჰოტელ ქობულეთი“, პროექტის „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, ქალაქების თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება, რომელშიც ასოციაციის, საქართველოს თვითმმართველი ქალაქებისა და დიდი ურბანული დასახლებების (გორი, ზუგდიდი) ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - გახსნა.
დავით მელუამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების ერთობლივი განხილვა და მათი გადაწყვეტის მექანიზმების ძიება წარმოადგენს.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმაც მიმართა, რომელმაც ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროცესში ათეა-ს როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნული მიმართულების ეფექტიანად განხორციელების უმთავრეს მექანიზმებს - გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა მონაწილეობას, ასევე მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
თემატური ჯგუფის პირველ შეხვედრაზე, ქალაქის კატეგორიის დასახლებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ტერიტორიულ საფუძვლებზე, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებაში ქალაქების როლზე და Smart-City კონცეფციაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების პრეზენტაციებს დაეთმო.
დღესვე ათეა-სა და N4ED-ის ექსპერტებმა თემები - „მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ქალაქ სტრასბურგის მაგალითი“, „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2019-2025 - ქალაქების როლი და მონაწილეობა“, „CLLD მეთოდოლოგია და LAG-ის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“ , ასევე „Smart City კონცეფცია - ინოვაციური მიდგომები“ წარმოადგინეს, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განმარტეს, შეხვედრის ძირითად მიზანს მსგავსი გამოწვევების მქონე მუნიციპალიტეტების თანამშრომლობითი პლატფორმის შექმნა, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის რელევანტური პრობლემების გადაწყვეტის ერთობლივი და გზების ძიების ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრება წარმოადგენდა.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს, პლატფორმის მუშაობის პრინციპებზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
„დღევანდელ შეხვედრზე დიდი ქალაქების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ემსჯელათ იმ გამოწვევებსა თუ პროექტებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან და ახორციელებენ. ჩვენი მიზანია, რომ სწორედ ერთობლივი მსჯელობის გზით განისაზღვროს გადაწყვეტის ხერხები, რომლებიც საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას უნდა წარედგინოს. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი თანამშრომლობის საფუძველზეა შესაძლებელი უკუკავშირის ისეთი შედეგის მიღება, რომელიც გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ პოლიტიკის დოკუმენტების მომზადების მეშვეობით, ზემოთ ხსენებული საკითხების გადაჭრის პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის. თუმცა, ამავდროულად ვაცნობიერებთ, რომ ეს გამოწვევები კომპლექსურია, რომელთა გადასაწყვეტადაც გარკვეული დროა საჭირო”-განაცხადა დავით მელუამ.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე, ქალაქების მართვის უფრო მობილური, გამართული და შედეგზე ორიენტირებული მოდელის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ქალაქების როლის მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად, აუცილებელია მათი განვითარებისა და უკეთ მართვის როგორც შესაძლებლობების, ისე უფლებამოსილებების გაზრდა.
პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს. N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.