ათეა-ს პრეზიდენტის, თბილისის მერის - კახა კალაძის განცხადება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ

2024-11-28 00:00:00

ათეა-ს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა – კახა კალაძემ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ განცხადება გააკეთა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ტრადიციულად, წელსაც უერთდება გლობალურ 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

გარდა იმისა, რომ ძალადობა თავისთავად მიუღებელია და არ არსებობს მიზეზი, რომელიც მას გაამართლებს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანი სარგებლობს ფუნდამენტური უფლებებით და ამ უფლებების ხელყოფა, გენდერული და ოჯახური ძალადობის სახით, მძიმე დანაშაულია.

ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ გაძლიერებულიყვნენ ქალები, განსაკუთრებით, ძალადობის მსხვერპლნი, ეგრძნოთ მათ სახელმწიფოს მხარდაჭერა და ზრუნვა. ცხადია, ქვეყანას ამ თვალსაზრისით აქვს ძირეული პროგრესი, თუმცა საჭიროა მეტი მობილიზება, რათა ეს მხარდაჭერა უფრო ინტენსიური გახდეს.

რაც მთავარია, ამის კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ გულგრილობა და გვერდზე გადგომა დაუშვებელია.