რეგიონული სამუშაო შეხვედრების სერია გენდერული თანასწორობის საკითხებზე ადგილობრივი პოლიტიკის გასაძლიერებლად
2024-11-20 17:00:00გენდერული თანასწორობის ადგილობრივი პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ამჯერად შეხვედრის აუდიტორიას აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები წარმოადგენდნენ.
სამუშაო შეხვედრა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, დუშეთის მერმა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ გახსნეს.
გამომსვლელებმა „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის უმნიშვნელოვანეს როლზე გაამახვილეს ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნეს რომ ათეა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დოკუმენტზე ხელმომწერ მუნიციპალიტეტებს დახმარებას გაუწევს ქარტიის იმპლემენტაციაში.
შეხვედრა „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის“ ახალი მუხლების გაცნობით გაგრძელდა, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას პროექტის ანალიტიკოსმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარიკა ჯობავამ წარუდგინა.
ღონისძიებაზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ასევე პრეზენტაციები წარმოადგინეს ქუთაისის, ზუგდიდისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა და მონაწილეებს საკუთარ თვითმმართველ ერთეულებში შემუშავებული პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ნინო გოლეთიანმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა წარმოადგინა, გოგი რევიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგზე ისაუბრა, თამარ ხაჩიძემ კი, დამსწრე საზოგადოებას გარდაბნის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობისთვის დანერგილი ინსტიტუციური მექანიზმები გააცნო.
შეხვედრა, რომელსაც პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ კოორდინატორი თამარ ფრანგიშვილი უწევდა ფასილიტაციას აქტიური დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა.
ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა აღნიშნული მიმართულებით საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ექსპერტებთან ერთად მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის მხრიდან ევროპულ ქარტიაზე ხელმოწერის სურვილი გამოითქვა.
სამუშაო შეხვედრა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მოეწყო, ორგანიზებული იყო ათეა-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით, პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.
აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან ერთად შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ლაშა არჩვაძე და პროექტის ,,ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ კონსულტანტები - გიორგი ისაკაძე და მაია აბაშიძე.
ფოტო გალერეა