ათეა-ს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტების ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორების შემუშავების პროცესი გრძელდება
2019-05-31 17:25:38საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიცირებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორების შემუშავების პროცესი გრძელდება.
პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, ათეა-ს პარტნიორმა ორგანიზაციამ - PMC (საქართველო), სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ თბილისი“, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), PMC კვლევითი ცენტრისა და საქართველოს იმ ათი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებშიც, N4ED ფარგლებში, საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის პილოტირება ხორციელდება.
ათეა-ს წარმომადგენელმა, პროექტის ასისტენტმა - თამარ აბდალაძემ და PMC კვლევითი ცენტრის უფროსმა კონსულტანტმა - ვანო თავაძემ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, რის შემდეგაც ექსპერტებმა შეფასების სისტემის (Performance monitoring and evaluation system - PMES) შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შეხვედრის მონაწილეებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, მუნიციპალური ქონების, წყალმომარაგებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის, ნარჩენებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის, ასევე საგზაო მოძრაობის ორგანიზების, სივრცითი დაგეგმვისა და მუნიციპალური მომსახურების სხვა სერვისებზე მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების ინდიკატორები გააცნეს.
შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, შენიშვნებისა და მოსაზრებების შეჯერების შედეგად გამოვლენილი რეკომენდაციები საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის (PMES) საბოლოო დოკუმენტში აისახება.
ათეა-ს პროექტის - N4ED მონიტორინგისა და შეფასების კომპონენტი, რომელიც ეფექტიანობის შეფასების პრაქტიკის დანერგვას ისახავს მიზნად, ამ დროისათვის ბათუმის, ქუთაისის, მცხეთის, გორის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, ლაგოდეხის, ამბროლაურის, ახალციხისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება, სამომავლოდ კი აღნიშნული პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს.