ათეა-ს ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
2019-06-21 17:02:27საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა თემატური ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას, თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მმართველობის - CLLD მეთოდოლოგიასა და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პირველადი შედეგების განხილვას ისახავდა მიზნად, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა.
დავით მელუამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული შეხვედრა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმების ძიებას, მსგავსი გამოწვევების მქონე მუნიციპალიტეტების თანამშრომლობითი პლატფორმის შექმნას, ასევე თითოეული მუნიციპალიტეტისთვის რელევანტური პრობლემების გადაწყვეტის ერთობლივი და ერთიანი გზების ძიების პრაქტიკის დამკვიდრებას ემსახურება.
შეხვედრის მონაწილეებს, ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ. მზია გიორგობიანის განმარტებით, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ნორმების პრაქტიკაში რეალიზებით, მთავრობა მიგრაციის შეჩერებას, ასევე მთაში ცხოვრებისა და საქმიანობის წახალისებას ცდილობს.
პირველი სესია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციით გაიხსნა. გიორგი დიდიძემ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას კანონით გათვალისწინებული სოციალური და საგადასახადო შეღავათების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურის, ონის, დუშეთის, თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.
ღონისძიებას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი და ათეა-ს ექსპერტები - ნინო ზურაბიშვილი და კახა გურგენიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს და აღნიშნულ პროცესში ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეები პლატფორმის მუშაობის პრინციპებზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს.
N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.
აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.