კახა კალაძის ინიციატივით, ევროსაბჭოს კონგრესის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
2019-10-07 15:49:32საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ათეა-ს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისის მერი სიტყვით გამოსვლისას ევროპის საბჭოსა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს შეეხო, როგორიცაა საქართველოს კონსტიტუციის დახვეწის პროცესი, ქართული საარჩევნო სისტემის ფორმირება, სასამართლოსა და პენიტენციური სისტემების რეფორმები.
კახა კალაძემ, ასევე ხაზი გაუსვა ეროვნულ დონეზე ქალთა მეტი ჩართულობის სტრატეგიის შემუშავების ფაქტს და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომები, ევროპის საბჭოს აქტიური მხარდაჭერით, ხელს უწყობს ქვეყანაში თანაბარი მონაწილეობის პრაქტიკის დამკვიდრებას.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, კონგრესის, როგორც ევროპიის საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა ინსტიტუციისა და საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. ეს გამოიხატება საქართველოს მხარდაჭერაში დეცენტრალიზაციის წარმატებული რეფორმის განხორცილების პროცესში, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებაში.
მთავარი საყრდენი, რასაც დემოკრატია ეფუძნება, არის ადამიანის უფლებები და თანაბარი მონაწილეობა. ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ქალთა მეტი ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში ეფექტიანად მუშაობენ გენდერული საბჭოები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში განუხრელად იზრდება ქალთა წარმომადგენლობა არჩევით ორგანოებში. ჩვენი ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების კომიტეტთან და ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი ოფიციალურად შეუერთდება თანასწორი მონაწილეობის ევროპულ ქარტიას, რაც კიდევ უფრო სისტემურს გახდის ქალთა მონაწილეობას ადგილობრივ ცხოვრებაში. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელებიც, რა თქმა უნდა, მივესალმებით ქალების ჩართულობას როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. პოლიტიკაში მათი ჩართულობა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მინდა აღვნიშნო, რომ ქალები უფრო აქტიურები არიან.
ის, რომ საქართველო, ბოლო წლებში, დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამორჩეულ მაგალითად იქცა, სხვადასხვა ამბიციური, წარმატებული რეფორმების გატარებით დასტურდება. მათ შორის ყველაზე მთავარი მიმართულებებია: მერის პირდაპირი წესით არჩევა, უფლებამოსილებათა გადაცემა ადგილობრივ დონეზე, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ბოლოს, რეგიონის მასტაბით უპრეცედენტო რეფორმა, დამატებული ღირებულების გადასახადის მნიშვნელოვანი წილის გადაცემა ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის.
ცხადია, ამით არ მთავრდება საქართველოს მთავრობის ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად. ამ დღეებში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დეცენტრალზიაციის ახალ, ამბიციურ სტრატეგიას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა, ევროპის საბჭოს კონგრესს, დემოკრატიის გაძლიერების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობის ახალ ეტაპზე, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, არაერთი წარმატებული მაგალითი შეიქმნება.
ათეა-სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ერთობლივი ღონისძიება, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
საიუბილეო ღონისძიებაზე ათეა-ს პრეზიდენტთან, კახა კალაძესთან და ვიცე-პრეზიდენტებთან - გიორგი ტყემალაძესთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა - ქსავიერ კადორემ და ევროსაბჭოს კონგრესის გენერალური მდივანმა - ანდრეას კიფერმა, ასევე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ - ზაზა გაბუნიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ვაჰაგ მურადიანმა.