ათეა N4ED პროექტის ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკის კონკურსს აცხადებს
2019-10-22 15:39:17საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.
2018-2019 წლების საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის გამოცხადების შესახებ, გადაწყვეტილება მმართველი კომიტეტის პირველ სხდომაზე მიიღეს,
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი - დავით ხოსრუაშვილი, ასევე, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის- MSDC აღმასრულებელი დირექტორი - კოკა კიღურაძე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ექსპერტი - ნინო ზურაბიშვილი ესწრებოდნენ, საუკეთესო პრაქტიკის 2018-2019 საკონკურსო წლის ღონისძიებათა კალენდარი და 12 საკონკურსო თემა დაამტკიცეს.
BPP-ის 2018-2019 წლის საკონკურსო განაცხადების მიღების პერიოდი 25 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე ვადით განისაზღვრა. კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები კი, 20 დეკემბერს, მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე, შეფასების კომისიის დასკვნებზე დაყრდნობით გამოვლინდება.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოვების ცერემონია მიმდინარე წლის 25 დეკემბერს BPP-ის ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართება, რომლის შედეგად გამოვლენილი საუკეთესოდ აღიარებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია, დაინტერესებულ საზოგადოებას მიეწოდება.
პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, მიმდინარე თვეში, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის პირველი პირების მონაწილეობით, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსისადმი მიძღვნილი 10 რეგიონული კონფერენცია გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მუნიციპალიტეტებში კარგი პრაქტიკის გამოვლენასა და აღიარებას, ასევე, მის წახალისებასა და გამოცდილების გაზიარების ქსელის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.