ათეა-მ N4ED-ის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა
2019-12-20 16:31:47საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ევროკავშირის პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ორგანიზებული საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია, რომელიც წელს მეორედ გაიმართა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - ილია ბეგიაშვილმა გახსნა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ათეა-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტთან - გიორგი ტყემალაძესთან ერთად, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა - ვინსენტ რეიმ და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების ასოციაციის თავმჯდომარემ - გინტს კამინსკისმაც მიმართეს. გამომსვლელებმა პროექტის მნიშვნელობასთან ერთად, ქვეყანაში თვითმმართველობის როლის გაძლიერებასა და აღნიშნულ პროცესში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზე ისაუბრეს.
BPP-ის კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი 38 პროექტიდან, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ 5 საუკეთესო გამოავლინა- 2018-19 წლების საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში ბოლნისის, ზუგდიდის, ქუთაისის, ასევე, ბათუმისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებმა გაიმარჯვეს.
კერძოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა „შშმ პირების დახმარების პროგრამა’’, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფის პროგრამა“, ბათუმის მუნიციპალიტეტმა კი, - მონაწილეობითი ბიუჯეტის მხარდაჭერა - „შენი იდეა ბათუმს“ წარმოადგინეს. საუკეთესოდ ასევე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის პროექტი - „მრავალშვილიანი ოჯახების მცირე ბიზნესის ხელშეწყობა“ და „ცაგერის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმა“ დასახელდა.
გამარჯვებული მუნიციპალიტეტების პირველ პირებს ჯილდოები ევროკავშირის წარმომადგენელთან - ვინსენტ რეისთან ერთად, ათეას ვიცე-პრეზიდენტებმა - გიორგი ტყემალაძემ და თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა - ნიკოლოზ როსებაშვილმა, ასევე ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების ასოციაციის თავმჯდომარემ - გინტს კამინსკისმა გადასცეს.
საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა - ვინსენტ რეიმ შეაფასა და აღნიშნა, რომ ათეა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში.
საკუთარ პრეზენტაციაში პროგრამის იდეის მნიშვნელობაზე, პროექტის მიღწევებზე, ასევე, საქართველოს მუნიციპალიტეტების კარგ პრაქტიკებსა და მდგრადი განვითარების მიზნებზე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და პროექტის ავტორმა - დავით მელუამ ისაუბრა.
,, მომავალი წლიდან იგეგმება პროგრამის გაფართოება, რომლის მიხედვითაც კარგი პრაქტიკის გამოვლენა, წახალისება და გაზიარება მუნიციპალური მმართველობის სხვა სფეროებშიც მოხდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში კიდევ უფრო ძლიერი მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბების პროცესს“ - განაცხადა ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და ევროკავშირის წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
კონფერენციის დასკვნითი ნაწილი გამარჯვებული მუნიციპალიტეტების პროექტების პრეზენტაციებს დაეთმო, სადაც ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ცაგერისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა საკუთარი წარმატებული პროგრამების განხორციელების პროცესზე, გადალახულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.
დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც სასტუმროში - „ბილტმორ თბილისი“ გაიმართა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ.
საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.