ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის განცხადება
2020-01-30 10:48:27საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ 4 წევრის მიერ დაკავებული პოზიციის დატოვების შესახებ, როგორც გამოძახილი მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისის საკრებულოში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს, ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება. ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობის შესახებ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ არაერთხელ, მათ შორის, საქართველოს შესახებ 2018 წლის ანგარიშსა და მონიტორინგის დასკვნაში იქნა აღნიშნული.
ამ განცხადებით, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ასოციაცია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, როგორც ფიზიკურს, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ტყემალაძემ ინციდენტის მოხდენისთანავე განაცხადეს და კონფლიქტის მხარეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდეს.
მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ თბილისის საკრებულოში 24 იანვარს მომხდარ ორივე ფაქტზე (როგორც ოპოზიციის, ისე პოზიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე), აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება. ასევე, ვწუხვართ აღმასრულებელი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პოზიციის დატოვებასთან დაკავშირებით და ასევე, მათი მხრიდან ასოციაციასთან მიმართებით გაკეთებული შეფასებითი განცხადებების გამო.