აღმასრულებელმა საბჭომ XXXIV სხდომა გამართა
2020-02-06 17:22:37საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XXXIV სხდომა მოიწვია, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
საბჭოს წევრებმა სხდომის თავმჯდომარედ ,,ათეა''- ს ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე აირჩიეს, რის შემდეგაც, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც სხდომის მონაწილეებს ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა გააცნო, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
დღევანდელ სხდომაზე, ასევე, ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში -„CORLEAP“, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობისთვის სამი სათადარიგო წევრის დამტკიცების შესახებ გაიმართა მსჯელობა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „CORLEAP“- მა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულ სტრუქტურაში განხორციელებული სიახლის შესახებ, კერძოდ კი, დელეგაციის შემადგენლობაში ძირითადი წევრების გარდა, სათადარიგო წევრების დამატებაზე იყო საუბარი.
სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღმასრულებელი საბჭოს „CORLEAP“-ის დელეგატებად რუსთავის, ოზურგეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები - გიორგი ჭანტურია, მარიამ ჩხიკვიშვილი და იოანე ლაშხი წარუდგინა.
დელეგაციის ახალი შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა და მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.