ათეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიან სემინარს მასპინძლობს
2020-02-18 16:42:14საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ასევე, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელის (NALAS) მხარდაჭერით, საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიანი სემინარი - “გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები” გაიმართა.
ფართომასშტაბიან ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ თბილისი“ მოეწყო, სემინარის ორგანიზატორებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდ, უკრაინისა და მოლდოვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
საკოორდინაციო სემინარი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა გახსნა.
დამსწრე საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა და PLATFORMA-ს აღმასრულებელმა მრჩეველმა - ბორის ტონჰაუზერმა.
გამომსვლელებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გზებსა და პერსპექტივებზე, ასევე, აღნიშნულ პროცესში ათეა-ს როლზე ისაუბრეს და სემინარის მნიშვნელობასა და მიზნებზე გაამახვილეს ყურადღება.
თამარ ტალიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე აღებულ ვალდებულებებს გაუსვა ხაზი და ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიაზე გაამახვილა ყურადღება.
ათეა-ს ვიცე პრეზიდენტმა, ასოციაციის მხარდაჭერით, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ ქარტიასთან საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერთებას ისტორიული მოვლენა უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული სემინარი ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი და თანაბარუფლებიანი მონაწილეობა ჰქვია.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარი რამდენიმე სესიად დაიყო. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ლაგოდეხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მოკლე პრეზენტაციები გამართეს, რომლებიც ევროპულ ქარტიასთან მიერთების პერსპექტივებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე მსჯელობას დაეთმო. მომდევნო ორი საათის განმავლობაში კი, სემინარის მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში გადაინაცვლეს და თანასწორობის ქარტიის ფარგლებში განსახორციელებელ გეგმებსა და გზამკვლევზე იმსჯელეს.
შემდეგი სესია ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ელექტრონული კურსის პრეზენტაციას დაეთმო, რომელიც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და თვითმმართველობათა ასოციაციებისთვის NALAS -ის გენდერული თანასწორობის ექსპერტმა - სემრა ამეტიმ წარადგინა.
აღნიშნული ონლაინ ტრენინგი, რომელიც მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყება, ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული თანასწორობის საკითხებში PLATFORMA-ს მხარდაჭერის ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.
დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, ასევე, მოეწყო პრეზენტაცია, რომელიც NALAS - ის რეგიონული დეცენტრალიზაციის სადამკვირვებლო (RDO) ინდექსის მონიტორინგის ინსტრუმენტად წარმოჩენასა და მისი გამოყენებით დეცენტრალიზაციის მაჩვენებლისა და ადგილობრივი მმართველობის ხარისხის ოთხი კრიტერიუმით - ადგილობრივი თვითმმართველობების ავტონომიის, მონაწილეობისა და ანგარიშგების, ასევე ადგილობრივი მომსახურების ხარისხისა და მთავრობათაშორისი დიალოგის შეფასებას შეეხებოდა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სემინარი 19 თებერვალს პანელური დისკუსიების ფორმატში გაგრძელდება, სამუშაო შეხვედრის ბოლოს კი, აღნიშნულ სემინარს ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა და PLATFORMA-ს აღმასრულებელი მრჩეველი - ბორის ტონჰაუზერი შეაჯამებენ.
სემინარი PLATFORMA-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მონიტორინგი გაუწიოს დეცენტრალიზაციისა და ადმინისტრაციული რეფორმების, აგრეთვე პოლიტიკური დიალოგის წარმართვის პროცესს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ევროპულ ინსტიტუტებთან.
პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს მოიძიოს დეცენტრალიზაციის თანამშრომლობისა და დაფინანსების შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილებები და მოამზადონ რეკომენდაციები ევროპული ინსტიტუტების საყურადღებოდ, რომლის საბოლოო მიზანსაც ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს.