ათეა-ს ორგანიზებით გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიანი სემინარი დასრულდა
2020-02-19 14:31:39საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), ასევე ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელის (NALAS) მხარდაჭერით გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიანი სემინარი - “გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები” დასრულდა.
სამუშაო შეხვედრის მეორე დღე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა - მზია გიორგობიანმა და ლაშა დარასელიამ, ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა და PLATFORMA-ს აღმასრულებელმა მრჩეველმა - ბორის ტონჰაუზერმა გახსნეს.
ღონისძიების მსვლელობას მოდერაციას უწევდა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი.
როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, მიმდინარე სემინარის თბილისში გამართვა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დგას და ორიენტირებულია ევროპის კავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე.
სემინარის მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველოაბათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
დავით მელუამ PLATFORMA-სა და NALAS -ის წარმომადგენლებს აღნიშნული სემინარის მოწყობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მიმდინარე სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სესიაში ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და დეცენტრალიზაცია - პოლიტიკური დიალოგი სამომავლო ნაბიჯებზე“ მიიღო მონაწილეობა და რეფორმის შემდგომი განხორციელებისთვის, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ასოციაციებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის ღია და ინკლუზიური ხელშეწყობის მექანიზმებზე ისაუბრა.
სემინარი პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელშიც ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან ერთად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ხოსრუაშვილმა და უცხოელმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც 18-19 თებერვალს გაიმართა, დავით მელუამ და PLATFORMA-ის აღმასრულებელმა მრჩეველმა - ბორის ტონჰაუზერმა შეაფასეს.
სემინარი PLATFORMA-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მონიტორინგი გაუწიოს დეცენტრალიზაციისა და ადმინისტრაციული რეფორმების, აგრეთვე პოლიტიკური დიალოგის წარმართვის პროცესს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ევროპულ ინსტიტუტებთან. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მოიძიოს დეცენტრალიზაციის თანამშრომლობისა და დაფინანსების შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილებები და მოამზადონ რეკომენდაციები ევროპული ინსტიტუტების საყურადღებოდ, რომლის საბოლოო მიზანსაც ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს.