გიორგი ტყემალაძე : „ახალგაზრდები ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს წარმოადგენთ, ვისგანაც პროგრესული და ინოვაციური წინადადებების მიღებაა შესაძლებელი“
2020-02-21 18:40:44,,ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდული პოლიტიკა როგორც, ცენტრალური ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმზე - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ასოციაციის ხელმძღვანელის განაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით განხორციელებული ფორუმი წელს უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს და მასში უკვე სტუდენტებიც ერთვებიან.
,,დღევანდელი ფორმატი სწორედ ახალგაზრდული ინიციატივების, იდეებისა და პროექტების წახალისებაზეა ორიენტირებული. ახალგაზრდები, სტუდენტები ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს წარმოადგენთ, ვისგანაც პროგრესული და ინოვაციური წინადადებების მიღებაა შესაძლებელი და ვფიქრობ, ეს ფორმატი არის ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში თქვენი აქტიური ჩართვის და თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა“- აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის შედეგად საინტერესო ინიციატივების გენერირება მოხდება, რაც თვითმმართველობების ახალგაზრდა დელეგატებსა და სტუდენტებს შორის ეფექტიანი, განგრძობითი კომუნიკაციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ფართომასშტაბიან ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში „ჰილტონი“ გაიმართა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდული ფორუმი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“, 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისში დაფუძნდა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ორდღიან ღონისძიებაში, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრები და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები იღებენ მონაწილეობას.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით გამართული ფორუმი, ათეა-სა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ქალაქ ბათუმის მუნიციპლიტეტის მერიისა და სსიპ „ახალგაზდრობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით იმართება.