საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე ოკუპაციის მუზეუმში ახალგაზრდებს შეხვდა
2020-02-22 21:24:04საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ქვეყანას პირველი ოფიციალური ვიზიტით, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ეწვივნენ.
კონგრესის პრეზიდენტი - ანდერს კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი - ანდრეას კიფერი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, დღეს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდნენ.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი უწევდა ორგანიზებას, აზრთა ურთიერთგაცვლის, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის რეჟიმში წარიმართა.
კონგრესის პრეზიდენტმა ანდერს კნაპემ საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმო და საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებსა და ახალგაზრდებს ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ექსპოზიციები დაათვალიერებინეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
კონგრესის დელეგაცია შეხვედრას ათეა-ს პრეზიდენტთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესში - კახა კალაძესთან გამართავს.
ასევე, დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. მანამდე კი, კონგრესის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტს ეწვევა და საოკუპაციო ხაზთან ადგილზე გაეცნობა ვითარებას.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია საქართველოს 25 თებერვალს დატოვებს.