ათეა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის მუნიციპალიტეტების ქსელს, პროექტის- N4ED განხორციელების წარმატებულ გამოცდილებას უზიარებს
2020-03-09 14:52:13საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, მისმა მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა და ორგანიზაციის ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა, ბრიუსელში, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის მუნიციპალიტეტების ქსელის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა.
ღონისძიება, რომელიც დავით მელუამ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელის (NALAS) აღმასრულებელ დირექტორებთან - მარლენ სიმეონთან და კელმენდ ზაჯაზთან ერთად გახსნა, NALAS -ის წევრ ასოციაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
ასოციაციის (NALAG) მიერ გატარებულ ღონისძიებებთან და სამომავლო გეგმებთან ერთად, ათეა-ს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს ევროკავშირის პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და აღნიშნულ პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
დავით მელუამ, აგრეთვე, წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც ათეა-ს ექსპერტების გამოცდილებების გაზიარებას დაეთმო. მანვე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში თვითმმართველობის როლის გაძლიერებასა და აღნიშნულ პროცესში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზე გაამახვილა ყურადღება.
საკუთარი ასოციაციაციების მუშაობისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის მუნიციპალიტეტების ქსელის სხვა წარმომადგენლებმაც, რის შემდეგაც შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა.
სამუშაო ჯგუფების მონაწილეებმა, როგორც საქართველოს, ასევე საკუთარი ქვეყნების გამოცდილებაზე, კარგი პრაქტიკის გაზიარებასა და არსებული გამოწვევების აღმოფხვრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს კი, შემუშავდა სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, რომლებიც ასოციაციების სამომავლო საქმიანობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.