ათეა-ს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, პირველად საქართველოში, ონლაინ კურსი-„გენდერული მეინსტრიმინგის გაცნობა ადგილობრივ დონეზე“ ტარდება
2020-03-17 19:36:50თვითმმართველობების გენდერული საკითხებით დაინტერესებული არჩეული პირებისა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა გადამზადების მიზნით, პირველად საქართველოში, ონლაინ სასწავლო კურსი თემატიკაზე - “გენდერული მეინსტრიმინგის გაცნობა ადგილობრივ დონეზე” დაიწყო.
დისტანციური კურსი, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), პანევროპული კოალიციის-PLATFORMA და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელის- NALAS ორგანიზებით ტარდება, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მუნიციპალიტეტებისთვის ხორციელდება.
აღნიშნული ონლაინ სასწავლო კურსი, დღეს დაიწყო და მასში საქართველოდან - თბილისის, ბათუმის, ჭიათურის, ახმეტის, მარტვილის, მარნეულის, ქობულეთის, გარდაბნის, ასევე მცხეთის ფოთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების 22 წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
დისტანციური კურსი 4 მოდულადაა დაყოფილი და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის, გენდერული ბიუჯეტირების (GRB), ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციების, როგორც გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ინსტრუმენტებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის საუკეთესო პრაქტიკების პოპულარიზაციის საკითხებს მოიცავს.
პირველი, გაცნობითი ხასიათის ვიდეო ლექციის მსვლელობისას, რომელიც დღეს გაიმართა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ონლაინ სწავლების სპეციფიკას გაეცნენ. ლექციაზე, ასევე, საუბარი შეეხო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების, მათ შორის ათეა-ს როლსა და მუშაობის პრინციპებს.
როგორც დისტანციური კურსის მიმდინარეობისას აღინიშნა, ვიდეო ლექციები სასწავლო მასალის, ბიბლიოგრაფიის, ასევე ქვიზებისა და ფორუმებისგან შედგება.
კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაწილეებს მიეცემათ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, მათთვის საინტერესო თემებზე კითხვების დასმისა და დისკუსიის საშუალება.
ონლაინ სასწავლო კურსი - “გენდერული მეინსტრიმინგის გაცნობა ადგილობრივ დონეზე”, რომელიც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.