საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) CEMR COVID-19 სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთო

2020-04-07 17:05:59

Covid 19-თან  ბრძოლისა და სწორი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის - ნათია ღვინაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს მიერ შექმნილი CEMR COVID-19 სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთო.

ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაზე COVID-19-ის ზეგავლენის შეფასებისა და არსებული, მათ შორის ეკონომიკური გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იდეებისა და პოზიციების შეგროვება-შეჯერება, ასევე, ასოციაციებსა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს შორის საუკეთესო პრაქტიკისა და ევროპული ინსტიტუტების ინიციატივების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებზეც  CEMR COVID-19 სამუშაო ჯგუფის წევრები იმუშავებენ.

CEMR-ის სამდივნოში ჩამოყალიბებულ  ჯგუფს, რომელიც სხვადასხვა დეპატამენტების თანამშრომლებისგანაა დაკომპლექტებული, ევროპულ საკითხთა აღმასრულებელი დირექტორი - ანჯელიკა ფოტ-მოგელე გაუწევს კოორდინირებას.

მსოფლიოში პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, CEMR-მა საკუთარი ვებგვერდის ნაწილი სწორედ COVID-ს მიუძღვნა, სადაც აღნიშნულ თემატიკაზე  სტატიები, ინტერვიუები, პრეს-რელიზები და სარედაქციო კომენტარები განთავსდება.  

,,სწორედ ამ რთულ დროს, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR) მოწოდებულია შესალებლობის ფარგლებში ემსახუროს თავის წევრებს საჭირო ინფორმაციის მიწოდებისა და გამოცდილების გაზიარების გზით. აღნიშნული კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ევროპა, როგორც ყოველთვის, ახლაც რჩება სივრცედ, სადაც უზრუნველყოფილია სოლიდარობა ჩვენი მოქალაქეებისა და ტერიტორიების მიმართ, როგორც კრიზისის პერიოდში, ასევე, მისი დაძლევის შემდგომ. ეს იქნება საფუძველი ჩვენი ადვოკატირებისა ევროპის მხრიდან“ - ნათქვამია ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ოფიციალურ განცხადებაში.   

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია  (NALAG)  ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR)  2010 წელს შეუერთდა.

ქართული დელეგაცია, რომელიც თბილისის, ლაგოდეხის, მცხეთის, ასევე ქუთაისის, ბათუმისა და  ხაშურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებისგან შედგება, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემების განხილვაში.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ასოციაციის (NALAG) ვიცე პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი  წელს   შავი ზღვის რეგიონიდან ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე პრეზიდენტად იქნა არჩეული.
  
CEMR  - ი უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.

ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო მსოფლიო ორგანიზაციის ”გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობის (UCLG)” ევროპული სექციაა.