თამარ ტალიაშვილმა ანდერს კნაპეს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს მუშაობის დადებითად შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა
2020-05-22 10:59:18ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი - თამარ ტალიაშვილი, აღნიშნული კონგრესის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მიმართვას გამოეხმაურა და ანდერს კნაპეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოს მუშაობის დადებითად შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის დიდი ნაწილი „კოვიდ 19“-ის პანდემიის შედეგად შექმნილ უპრეცედენტო სიტუაციაში წარმართა, თუმცა ქვეყანამ, მაინც შეძლო ღირსეულად და წარმატებით გაერთვა თავი ამ მისიისთვის და განეხორციელებინა ის ღონისძიებები, რომლებიც ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პოზიციასთან პირდაპირ თანხვედრაშია.
ათეა-ს ვიცე -პრეზიდენტმა საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პანდემიის პირობებში განხორციელებული საქმიანობაც შეაფასა და აღნიშნულ პროცესში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის - კახა კალაძის, როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრის აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას არა ერთი მიმართულებით მიაღწია, რომელთა შორის COVID-19-თან ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საკითხია. მისი განცხადებით, ამ პერიოდში საქართველოს მიერ განხორციელებული უპრეცედენტო ღონისძიებები ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო სწორედ ამ მიზეზით გახდა.
,, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, მსოფლიომ საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად აღიარა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანი, შეთანხმებული მოქმედებებისა და დროული პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგია. საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელშიც აქტიურადაა ჩართული ათეა-ს პრეზიდენტი, თბილისის მერი- კახა კალაძე, შეიმუშავა ეფექტიანი ანტიკრიზისული გეგმა, რაც პირველ რიგში ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ეკონომიკის გადარჩენის მიმართულებებს მოიცავს“,- განაცხადა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა.
ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაზე COVID-19-ის ზეგავლენის შეფასებისას, თამარ ტალიაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მუშაობას, რომელიც ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში ,,Task Force Team“ სხვა ქვეყნებთან ერთად, საჭირო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით მუშაობს. მისივე თქმით, სწორედ ევროსაბჭოსა და „ათეა“-ს ურთიერთობების საფუძველზე შექმნილი პლატფორმები და მექანიზმები ქმნიან დროულ და სათანადო ფორმატს, რომელიც ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებულ, ეფექტურ გადაწყვეტილებათა მიღებას და აძლიერებს ევროპულ ღირებულებებს.
თამარ ტალიაშვილი ქვეყნის ევროინტეგრაციის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში ბოლო დროს გატარებული რეფორმები, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და ქვეყანაში ევროპული ფასეულობების გაღრმავებას უწყობს ხელს, სწორედ ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრების მიზანს ემსახურება.