ათეა-ს წარმომადგენელმა შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2021-08-16 16:06:55საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენელმა და პროექტის „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ მენეჯერმა - ტატიანა ბოკუჩავამ, ათეა-ს წევრი მუნიციპალიტეტის, ფოთის მერის მრჩეველთან - ნინო გვასალიასთან ერთად, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება, რომელშიც 6 ქვეყნის, საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის, მოლდოვას, საბერძნეთისა და რუმინეთის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, მწვანე ტურიზმის ხელშეწყობის სხვადასხვა ინსტრუმენტებზე მსჯელობასა და ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას დაეთმო.
აღნიშნული მიმართულებით, ქართულმა მხარემ ონლაინ პრეზენტაცია გამართა და უცხოელ კოლეგებს, პროექტის ერთ-ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტში, ფოთში მიმდინარე ღონისძიებები წარუდგინა.
ნინო გვასალიამ მარტოწყალას ტბაზე, მის პოტენციალზე და განახლებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ ტბაზე კეთილმოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.
კონფერენცია, რომელშიც ქართული მხარე ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო ონლაინ რეჟიმში ჩაერთო, პროექტის მონაწილე ქვეყანაში, რუმინეთში, კერძოდ, გალათის მუნიციპალიტეტში მოეწყო.
პროექტი ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG), ასევე რუმინეთის, საბერძნეთის, მოლდოვასა და უკრაინის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.