ონსა და სენაკში ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კონკურსი გამოცხადდა
2021-09-02 14:06:57ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსისა და სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ბიზნეს იდეების შესარჩევად და დასაფინანსებლად - კონკურსი ,,ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა’’დაიწყო.
საგრანტო პროგრამა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება, რამდენიმე ეტაპად წარიმართება.
სამიზნე მუნიციპალიტეტების ოფიციალურ პორტალებსა და სოციალურ ქსელში, ასევე, კონკურსის თაობაზე სხვადასხვა მედიასაშუალებებში ინფორმაციის გავრცელების გარდა, მოსახლეობის ინფორმირება ადგილზე შეხვედრებითაც მოხდება, რაც თვითმმართველი ერთეულების პირველი პირების ინიციატივით სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლების, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა ჩართულობით განხორციელდება.
საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, პროექტით გათვალისწინებულია, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული და მცხოვრები, 18 წელს მიღწეული ქალების განაცხადების წარდგენა, ექსპერტების მიერ საუკეთესო იდეების შერჩევა და ბიზნეს გეგმის შესადგენად ტრენინგების ჩატარება, რის შემდეგაც, პოტენციურ ბენეფიციარებთან საველე მონიტორინგი განხორციელდება. საბოლოოდ კი, დაფინანსდება პროექტის თანამშრომლებითა და შეფასების კომისიის წევრებით დაკომლექტებული ჯგუფის მიერ შერჩეული მინიმუმ 10 ქალი, რომლებიც პროექტის საკონკურსო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.
საკონკურსო განაცხადების ჩაბარების საბოლოო ვადად 2021 წლის 28 ივნისის 23:00 საათამდე განისაზღვრა.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და გენდერის ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტთან - შორენა კოჭლამაზაშვილთან ერთად ხელმძღვანელობს.