GIZ -ის საგრანტო კონკურსისთვის სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ქალებმა 44 ბიზნეს იდეა წარადგინეს

2021-09-02 15:20:53

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საგრანტო კონკურსისთვის განაცხადების მიღება დასრულდა.

 
სამიზნე თვითმმართველ ერთეულებში მცხოვრებმა, პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა 44 ბიზნეს-იდეა წარმოადგინეს, რომლებსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისია განიხილავს.  

პროექტის ხელმძღვანელების, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორისა და ექსპერტის - ნათია ღვინაშვილის, ასევე ექსპერტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში - შორენა კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მათთვის, ვინც პროგრამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, დაგეგმილია სასწავლო კურსის ჩატარება, რომელიც მათ ბიზნეს გეგმის შედგენასა და საბოლოოდ, საკუთარი იდეის განხორციელებაში დაეხმარება. მოგვიანებით კი, განაცხადების ადგილზე შესწავლისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საველე მონიტორინგიც ჩატარდება.

პროექტი - ,,ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა’, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება, ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მხოლოდ ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული ქალები ჩაერთვებიან, საბოლოოდ კი, გრანტს კონკურსის მინიმუმ 10 მონაწილე მიიღებს.