შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მორიგი კონფერენცია გაიმართა

2021-09-28 15:42:18

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენელმა და პროექტის - „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ მენეჯერმა - ტატიანა ბოკუჩავამ, ათეა-ს წევრი მუნიციპალიტეტის, ფოთის მერის მრჩეველთან - ნინო გვასალიასთან ერთად, შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.


ღონისძიება, რომელიც  ვარნაში გაიმართა, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, საბერძნეთის, რუმინეთისა და მასპინძელი ქვეყნის -  ბულგარეთის მუნიციპალიტეტებში მწვანე ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაციებსა და აღნიშნული მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას დაეთმო.

ქართულმა მხარემ, უცხოელ კოლეგებს, პროექტის ერთ-ერთ სამიზნე, კერძოდ კი, ფოთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

ნინო გვასალიამ, პრეზენტაციისას  მწვანე ტურიზმისა და ისტორიული მემკვიდრეობის პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნული მიმართულებით, ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერასა და  განახლებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა.

როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, პანდემიის მიუხედავად,  საქართველოში  მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოები, ამ ეტაპზეც აქტიურ ფაზაშია.   

ანალოგიური  პრეზენტაციები წარადგინეს პროექტის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმაც, რის შემდეგაც კონფერენცია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთში გამართულ ღონისძიებაში ქართული მხარე ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო ონლაინ რეჟიმში ჩაერთო.  

პროექტი ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG), ასევე რუმინეთის, საბერძნეთის, მოლდოვასა და უკრაინის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.