ნათია ღვინაშვილმა, USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2021-09-30 14:39:10

ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და გენდერის ექსპერტმა - ნათია ღვინაშვილმა, USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით კი, ICT სფეროში ქალებისა და გოგონების ჩართულობასა და გაძლიერებაზე მსჯელობას და ასევე, საქართველოს მთავრობის ვალდებულებებსა და გაეროს ახალი ინიციატივის "თაობათა თანასწორობის მოძრაობის" დანერგვაზე მსჯელობას დაეთმო.

 ჯგუფის წევრების განცხადებით, ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, რათა სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც სწრაფად, სწორად და ეფექტიანად მოხდეს ICT -ს განვითარება.

 როგორც ქვეყნის მუნიციპალიტეტების გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ასოციაციის მიზანს მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენს, აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ათეა მხარს უჭერს ყველა იმ ინოვაციას, რომელიც ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები ქალების განვითარებას ეხმიანება.

 ,, ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის მიესალმება ისეთი სიახლეების დანერგვას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ განათლება, დასაქმდნენ და ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად, მე, როგორც ამ ჯგუფის წევრი, აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებ აღნიშნულ ფორმატში მუშაობას და მაქსიმალურად დავუჭერ მხარს USAID– ის ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა ღონისძიებებს“, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

 დღესვე, შეხვედრის მონაწილეებმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქალებისა და გოგონების ჩასართავად საპარლამენტო გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივები მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 ონლაინ შეხვედრაში, რომელიც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ახალგაზრდებისა და გენდერის ექსპერტმა - ნათია კაპანაძემ გახსნა, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი - მარიამ ლაშხი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი - ანა ფაშალიშვილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას.