ათეამ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის შეფასების კომისიის წევრებისათვის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა
2021-10-30 13:36:54საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროექტის ,,ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით განსახორციელებელი პროგრამის ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის შეფასების კომისიის წევრებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სემინარი, რომელსაც აღნიშნული პროგრამის კოორდინატორი და ათეა-ს ექსპერტი - ნინო ზურაბიშვილი, კოლეგასთან, ასოციაციის ექსპერტთან - კახა გურგენიძესთან ერთად უძღვებოდა, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დეტალურ განხილვას დაეთმო.
საექსპერტო კომისიამ, რომელიც როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით და დარგის ექსპერტებითაა დაკომპლექტებული, საკონკურსო თემები განიხილა და საუკეთესო პრაქტიკის შეფასების მეთეოდოლოგიასა და კრიტერიუმებზე იმსჯელა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილ განაცხადებს ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა, ამავე ორგანიზაციის ექსპერტი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის წევრი - ნინო ზურაბიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - ნიკოლოზ როსებაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - მიხეილ ჯიბუტი, ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს („EU/M4EG”) კოორდინატორი აზერბაიჯანსა და საქართველოში - ზვიად არჩუაძე და ათეა-ს ექსპერტი - კახა გურგენიძე, ასევე, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ხუხუა, ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი - გიორგი აბულაშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენელი - ნიკოლოზ ბახსოლიანი, მოწვეული ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ვაქცინაციის პოპულარიზაციის საკითხებზე - ნინო ბერაძე და ექსპერტი გენდერის საკითხებზე, UN Women - მაკო ავალიანი შეაფასებენ.
საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021-2022 წწ. კონკურსი 8 თემაზე - მოქალაქეთა მონაწილეობა, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები, ღია მმართველობა, გამჭვირვალობა და ინფორმაციის საჯაროობა, ახალგაზრდების გააქტიურების, მობილიზაციისა და ჩართულობის ხელშეწყობა, ასევე, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა, მდგრადი ურბანიზაციის, რევიტალიზაცია და მწვანე ურბანული ეკონომიკა, COVID -19 ვაქცინაციის ხელშეწყობა და პოსტ-კოვიდ აღდგენა გამოცხადდება.
განაცხადების მიღების პერიოდი 1 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებული მუნიციპალიტეტები კი, დეკემბრის ბოლოს, მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე, შეფასების კომისიის დასკვნების გათვალისწინებით გამოვლინდებიან.
აღნიშნული პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითრების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.
BPP ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.