ათეა-ს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებს შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს
2021-11-11 14:35:16საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიებებს განაგრძობს.
ათეა-ს წარმომადგენლებმა - პროექტის მენეჯერმა - ტატიანა ბოკუჩავამ და ავთანდილ ოსეფაიშვილმა, ამჯერად ლანჩხუთის, ქობულეთისა და ფოთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან და მერიის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები და აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის მიერ, 2018 წლიდან დღემდე განხორციელებული ღონისძიებები გააცნეს.
პირველი პრეზენტაცია ექვს ენაზე შექმნილ, ერთობლივი ელექტრონული კატალოგის მიმოხილვას დაეთმო, რომელიც პროექტში მონაწილე ქვეყნებმა - საქართველომ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, საბერძნეთმა, მოლდოვამ და უკრაინამ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ერთობლივად შეიმუშავეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პორტალი - https://greethis-db.info/ka/home-ge/ პროექტში მონაწილე ექვსივე ქვეყანაში ოპერირებადი იმ ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებს მოიცავს, რომლებიც ენერგოეფექტური პროდუქციის შექმნა/რეალიზაციას ახორციელებენ.
აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ ამავე ვებ-გვერდზე შესაძლებელია ისტორიული შენობებისა და ტერიტორიების ენერგოეფექტურობისა და კლიმატისადმი მდგრადობის ინოვაციური ტექნოლოგიების საბაზრო კვლევების ხილვა.
შავი ზღვის ტრანსსასაზღვრო ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში, ასევე, შეიქმნა ტურისტული ობიექტების ვირტუალური გიდი (https://greethis.ilab.studio/ge), რომელიც პროექტში მონაწილე ქვეყნების, ექვს-ექვსი ობიექტის ვირტუალურ ტურს შეიცავს. მათ შორისაა ფოთში არსებული ნიკო ნიკოლაძის კოშკი, ფოთის საკათედრო ტაძარი, ქობულეთის მუზეუმი, კინტრიშის ხეობა, გონიოს ციხესიმაგრე და ქედის მუნიციპალიტეტის ხეობა.
დღესვე, ტატიანა ბოკუჩავამ დამსწრე საზოგადოებას, ათეა-ს მიერ პროექტში მონაწილე - ფოთის (https://tourspoti.ge/) ქობულეთისა (http://tourslanchkhuti.ge/)და ლანჩხუთის (http://tourslanchkhuti.ge/) მუნიციპალიტეტებისთვის ინდივიდუალურად შექმნილი ტურისტული ობიექტების ვირტუალური გიდის პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა, რომ აღნიშნული პორტალების არსებობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც თვითმმართველი ერთეულების, ისე ქვეყნის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
პრეზენტაციების შემდეგ პროექტის თანამშრომლებმა მერიის წარმომადგენლებს, საინფორმაციო ბროშურები გადასცეს, სადაც დეტალურადაა აღწერილი პროექტში განხორციელებული ყველა ღონისძიება.
პროექტი ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელსაც ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ორგანიზაციების კავშირი (UBBSLA) საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG), ასევე რუმინეთის, საბერძნეთის, მოლდოვასა და უკრაინის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წელის დეკემბერში დასრულდება.