GIZ -ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ ქალებს, ბიზნეს იდეის განსახორციელებლად საჭირო ინვენტარი გადაეცათ
2021-11-19 18:25:17გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის კონტრაქტორმა ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ’’ ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ბიზნეს გეგმებით გაწერილი ინვენტარი გადასცა.
ინვენტარის გადაცემის შემდგომი ეტაპი კი, მონიტორინგს ითვალისწინებს, რომელსაც პროექტში მიწვეული ექსპერტები, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტი - შორენა კოჭლამაზაშვილი რამდენიმე დღეში განახორციელებენ.
,, პროექტის ერთ-ერთი მიზანია, რომ ბიზნეს იდეები, რომლებითაც ბენეფიციარებმა კონკურსში მიიღეს მონაწილება, მხოლოდ იდეად არ დარჩეს. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს საველე მონიტორინგის განხორციელება მიმდინარე და მომდევნო თვეშიც. ხოლო, ვინაიდან განაცხადების უმრავლესობას ე.წ. ,,start-up’’ წარმოადგენს, შევეცდებით კიდევ მეტი სტიმული მივცეთ დამწყებ ბიზნესმენებს“, - განაცხადეს ექსპერტებმა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, სამიზნე თვითმმართველ ერთეულებში მცხოვრებმა, პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა 44 ბიზნეს იდეა წარმოადგინეს, საიდანაც პროექტის კრიტერიუმები 22 -მა ბენეფიციარმა დააკმაყოფილა. კერძოდ, 11 განაცხადი ონში, ხოლო 4 სენაკში, დანარჩენი კი, უწერის, ღების, ღარის, ასევე, ძველი სენაკის, ნოქალაქევისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ქალებს ეკუთვნოდათ.
შეფასების კომისიის წევრების გადაწყვეტილებით საბოლოოდ 11 გამარჯვებული ქალი, მათ შორის სენაკის მუნიციპალიტეტიდან 4, ხოლო ონის თვითმმართველი ერთეულიდან 7 კონკურსანტი გამოვლინდა.
აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.
საგრანტო კონკურსი, რომელიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.