ნათია ღვინაშვილმა სოლიდარობის ფონდის PL პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
2021-11-30 16:38:02საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა, ათეა-ს პარტნიორი ორგანიზაციის, სოლიდარობის ფონდის PL პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციაზე მსჯელობას დაეთმო.
შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული პლატფორმის მიზანს, საჯარო ადმინისტრაციის, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე მოქალაქეებთან დაახლოება და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
სემინარი, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ადმინისტრაციისა და საბჭოების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას, 2 დღეს გაგრძელდა.
პირველი ნაწილი მუნიციპალიტეტებში დეცენტრალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე, ასევე გარე რესურსების მოზიდვასთან დაკავშირებულ თემებზე მსჯელობას დაეთმო, რის შემდეგაც, შეხვედრა მონაწილეების ჩართულობით, პრაქტიკული სამუშაოების ფორმატში წარიმართა.
მეორე დღეს კი, 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა, რის შემდეგაც პლატფორმის მონაწილეებმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ტენდენციების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
საკუთარი ქვეყნების გამოცდილება ქართველ კოლეგებს პოლონეთის, უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლებმა გააცნეს.
აღნიშნული შეხვედრის ფასილიტატორმა, ათეა-ს ექსპერტმა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის წევრმა - ნინო ზურაბიშვილმა კი, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო კონკურსის მიზნები, შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები.
ათეა-ს ექსპერტის განმარტებით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, მუნიციპალიტეტებს აძლევს საშუალებას მოახდინონ თავისი ეფექტიანი მუშაობის დემონსტრირება, გაიზიარონ ერთმანეთის გამოცდილება და სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით დანერგონ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების უკვე აპრობირებული, ხოლო რიგ შემთხვევებში ინოვაციური გზები.
ღონისძიების დასასრულს, ნათია ღვინაშვილმა დაჯილდოების ცერემონიალშიც მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიება სახელწოდებით, „ნდობა და მოლოდინები დეცენტრალიზაციის მიმართ საქართველოში“, ქვეყნის პრეზიდენტის პატრონაჟითა და ასევე, ორგანიზაციების „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოში“ (SFPL in GEO) და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ინიციატივითა და ორგანიზებებით გაიმართა.