საჯარო დისკუსია „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“

2021-12-06 17:23:00

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საჯარო დისკუსია -„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოში“ გაიმართა.


ღონისძიება, რომელიც Zoom-ის პლატფორმისა და Facebook Live -ის საშუალებით მიმდინარეობდა, აღნიშნულ საკითხებზე ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით მოეწყო.

შეხვედრა ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში გენდერის ექსპერტმა და პროექტის - ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელთან- თამარ ვაშაკიძესთან ერთად გახსნა.

როგორც ასოციაციის წარმომადგენელმა განმარტა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიების ამოცანაა, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და  მსხვერპლთა დასაცავად არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე დისკუსიის რეჟიმში მსჯელობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის ფორმატის საშუალებით, თემით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ უფრო სიღრმისეულად გაცნობოდნენ, როგორც ადამიანის უფლებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, ისე თვითმმართველობის უფლებებსა და ვალდებულებებს.

​თამარ ვაშაკიძემ კი, ქვეყანაში უთანასწორობის აღმოფხვრის კუთხით ათეა-ს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი და ორგანიზაციას აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, წევრ მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული და პროდუქტიული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ასოციაციასთან ერთობლივად შემუშავებული გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის დამხმარე სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული ადგილობრივი ხელისუფლება, ათეასთან ერთად, კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

შეხვედრა დარგის ექსპერტების პრეზენტაციებით გაგრძელდა.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა - სოფო რუსეცკიმ, დამსწრე საზოგადოებას ის ძირითადი პროგრესი და გამოწვევები გააცნო, რომლებიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და რეაგირებასთან მიმართებით არსებობს.

ექსპერტმა - გოგა ხატიაშვილმა კი,  აღნიშნული მიმართულებით, მსხვერპლთათვის არსებული მომსახურებები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები მიმოიხილა.

ღონისძიების მონაწილეებს, ასევე საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ მუნიციპალიტეტების როლს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მასზე რეაგირებაში, რაზეც დეტალურად ისაუბრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა - ირინა ჯაფარიძემ.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. საჯარო ღონისძიების მონაწილეთა უმრავლესობამ საკუთარ თვითმმართველ ერთეულში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ღონისძიება ნათია ღვინაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან, მარიამ ჯობავასთან ერთად შეაფასა და მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს მუნიციპალიტეტის თითოეულ ინიციატივას, რომელიც უთანასწორობის აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.