დავით მელუა, ათეა-ს წევრი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების მესამე ფორუმში ჩაერთო
2021-12-07 18:25:50საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების რიგით მესამე ონლაინ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაში, რომელიც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი პერსპექტივების შესახებ ინსტიტუციური დიალოგის წარმართვის მიზნით განხორციელდა, ევროპის ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს, ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების საკონსულტაციო პლატფორმის (PLATFORMA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ფორუმზე გამომსვლელთა ძირითადი აქცენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტებს, შედეგებსა და სამომავლო გამოწვევებზე გაკეთდა.
დავით მელუამ, სიტყვით გამოსვლისას, ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური სრულყოფის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას დეცენტრალიზაციის პროცესის წარმართვაში ასოციაციის გრძელვადიანი გამოცდილება და სტრატეგიის 3 ძირითადი კონცეფცია - ძალაუფლების გადაცემა თვითმმართველობის ორგანოებზე, ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური და ქონებრივი უზრუნველყოფა და მოქალაქეთა ჩართულობა/მონაწილეობა წარუდგინა.
მანვე, აღნიშნულ პროცესში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების პროცესში ადგილობრივი არჩევითი ორგანოების გაძლიერების საჭიროებასა და თვითმმართველობების მანდატის ფინანსური უზრუნველყოფის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
დავით მელუას მსგავსად, საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და კოლეგებს კარგი პრაქტიკის მაგალითები გაუზიარეს - მოლდოვის, ბულგარეთის, უკრაინისა და რუმინეთის წარმომადგენლებმაც.
ფორუმს ქართული მხრიდან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი - ლია შაქარიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ძალადობის წინააღმდეგ გამართულ კამპანიებში ჩართულობის შესახებ ისაუბრა.
ფორუმი, დისკუსიის ფორმატსაც მოიცავდა, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა ორგანიზატორებისგან სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია