ნათია ღვინაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2021-12-08 12:50:35საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა, ასევე პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ ღონისძიება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით მოეწყო, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი უძღვებოდა.
ნიკო თათულაშვილმა საბჭოს ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
ნათია ღვინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას, ათეა-ს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას - წევრ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და პოლიტიკის ლოკალიზაციას გაუსვა ხაზი.
ასოციაციის წარმომადგენლის განმარტებით, ათეა-მ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ნორვეგიის მთავრობის ხელშეწყობით, სარეკომენდაციო ხასიათის გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების დამხმარე სახელმძღვანელო შეიმუშავა, რომელიც თვითმმართველ ერთეულებს, ეროვნულ და საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებზე დაყრდნობით დოკუმენტის ჩამოყალიბებასა და ადგილზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრაში დაეხმარება.
„საკითხისადმი ჩვენი მიდგომაა, რომ გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმები მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიას ეფუძნებოდეს და ეხმიანებოდეს მასში დეკლარირებულ გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიზნებსა და ამოცანებს. ეს კი თავისი არსით ნიშნავს, რომ გენდერული თანასწორობის პრინციპები პრიორიტეტულ რანგში გადმოცემული იქნება მუნიციპალიტეტის არა რომელიმე ცალკე მდგომ დამატებით დოკუმენტში, არამედ მუნიციპალიტეტის განვითარების მთავარ დოკუმენტში, რაც ვფიქრობთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
ათეა-ს წარმომადგენელი საუბრისას საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თემასაც შეეხო და შეხვედრის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
,, მას შემდეგ, რაც ჩვენს ორგანიზაციაში გენდერული თანასწორობის პლატფორმა შეიქმნა, კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. უკვე მეორე წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ვახორციელებთ პროექტს ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“, რომლის ფარგლებშიც ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გავაცანით ევროპული ქარტიის პრინციპები. შემდგომი ნაბიჯები კი, ეტაპობრივად განხორციელდა და ჩვენი ადვოკატირებით, დღეს დოკუმენტს უკვე 21 ხელმომწერი მუნიციპალიტეტი ჰყავს საქართველოდან“, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
დღესვე, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ევროპის საბჭოს ახალი პროექტის ფარგლებში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე მიიღეს ინფორმაცია, რის შემდეგაც ღონისძიებამ დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, პროგრესთან ერთად, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს და მათი დაძლევის მიზნით საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს.
სამუშაო შეხვედრა ნიკო თათულაშვილმა შეაჯამა. პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საკოორდინაციო საბჭოს პრიორიტეტები გააჟღერა და ღონისძიების მონაწილეებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.