ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის -,,CORLEAP’’ მე-10 წლიური შეხვედრა

2021-12-15 16:18:51

 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), მიერ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილმა წევრმა - (CEMR) ვიცე- პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლემა - ნინო რუხაძემ და  CORLEAP - ის წევრმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა - სანდრო სორდიამ, ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის -,,CORLEAP’’ მე-10 წლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

ჰიბრიდულ რეჟიმში წარმართული ღონისძიება,  რომელშიც ევროსაბჭოს კონგრესის, ასევე ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები იღებდნენ მონაწილეობას, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტის დღის წესრიგის განხილვასა და ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების  როლზე მსჯელობას დაეთმო.

ნინო რუხაძემ, რომელიც შეხვედრაზე ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA)  სპიკერის სტატუსით წარსდგა, სიტყვით გამოსვლისას, იმ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის, კიდევ უფრო ძლიერი და განხორციელებადი  მიზნების მიღწევას გულისხმობს. 

CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებული პოლიტიკის დღის წესრიგის ძირითადი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში, ადგილობრივი და რეგიონალური სახელისუფლებო ორგანოების  წვლილს გაუსვა ხაზი  და განმარტა, რომ აღნიშნულ მთავრობებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საჯარო ადმინისტრაციის რეფორმირების, მდგრადი ადგილობრივი პოლიტიკის უზრუნველყოფის, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების, გარემოსდაცვითი, გენდერული თანასწორობისა და ხარისხიანი და ხელმისაწვდომი საჯარო სერვისების მიწოდების საქმეში.

მისივე თქმით, აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის განახლებულმა დღის წესრიგმა შემდგომში ხელი შეუწყოს  დეცენტრალიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.

შეხვედრაზე, რომელიც ევროპული რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტმა - აპოსტოლოს ციციკოსტასიმ გახსნა, ნინო რუხაძესთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი - მაია სანდუ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი - ლეენდერტ ვერბეკი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე - მაკა ბოჭორიშვილი.

სამიტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები, ასევე დააფიქსირეს ევროპარლამენტარებმა და ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ PLATFORMA ქალაქებისა და რეგიონების, აგრეთვე მათი ეროვნული, ევროპული და საერთაშორისო ასოციაციების პან-ევროპული კოალიციაა, რომელშიც  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) 2010 წლიდანაა გაწევრიანებული.