ათეა-ს წარმომადგენელმა თანამშრომლობის განვითარების საგანმანათლებლო სემინარში მიიღო მონაწილეობა
2021-12-17 20:27:47საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენელმა და პროექტის - „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ მენეჯერმა - ტატიანა ბოკუჩავამ, ლატვიის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ თანამშრომლობის განვითარების საგანმანათლებლო სემინარში - "მომიყევი შენი ამბავი..." მიიღო მონაწილეობა.
სასწავლო კურსი, რომელიც კლიმატის ცვლილებების გავლენის შემცირებისა და განათლების ციფრული ტრასფორმაციის თემების შესახებ მსჯელობას დაეთმო, აღნიშნული მიმართულებით, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, ასევე, ინოვაციური იდეებისა და ხედვების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.
ტატიანა ბოკუჩავამ პროექტის - „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ პრეზენტაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისთვის შექმნილი მოკლე ვიდეო-რგოლით, სახელწოდებით -"შეხვედრამდე" დაიწყო და დეტალურად აღწერა პროექტის სამიზნე 6 ქვეყნის მიერ 2018 წლიდან დღემდე განხორციელებული ღონისძიებები.
მანვე, აღნიშნულ პროცესში ათეა-ს ჩართულობას გაუსვა ხაზი და დამსწრე საზოგადოებას ქართული მუნიციპალიტეტებისთვის შექმნილი ინდივიდუალური ვირტუალური ტურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღნიშნული შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პრეზენტაციით დაიწყო, სადაც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს და ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიაში ძირითად ადგილს იკავებს.
სემინარზე, რომელიც ორ ნაწილად- "ფარული სოციალური პოლიტიკა: ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებიდან უფრო მდგრად თემებამდე" და "ჭკვიანი საზოგადოება და გლობალური მოქალაქეობის განათლება: ხელოვნება, სათამაშოები და კრეატიულობა" დაიყო, ასევე, წარმოდგენილი იყო აღნიშნული სფეროების დაფინანსების შესაძლებლობები და ინფორმაცია საპროექტო წინადადებებზე.
აღსანიშნავია, რომ სემინარი პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით, ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა.
იხილეთ პრეზენტაცია