ათეა-ს ორგანიზებით, საკონსულტაციო შეხვედრა, თემაზე - ,,მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიწოდების პროცესში '' გაიმართა
2021-12-18 13:08:17საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიციატივით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
ჰიბრიდულ რეჟიმში წარმართული ღონისძიება, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, UNDP -ის პროექტის წარმომადგენელთან - გიორგი ნასრაშვილთან ერთად გახსნა და სოციალური პროგრამების განხორციელების კუთხით, თვითმმართველობის როლის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კერძოდ, ათეა-ს წარმომადგენელმა, ბოლო წლებში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსი , ასევე , კანონები - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და „სოციალური მუშაობის შესახებ“ მიმოიხილა.
დავით მელუას განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტებში განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად მნიშვნელოვანია თვითმმართველ ერთეულებს ზუსტად ჰქონდეთ გააზრებული, თუ რა სახით განახორციელონ მინიჭებული უფლებამოსილებები.
შეხვედრის მეორე ნაწილი, მუნიციპალური სერვისების კუთხით ახალი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის დანერგვის შესახებ მსჯელობას დაეთმო.
ათეა-ს ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავების პრაქტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც პროგრამების დაგეგმვას უკავშირდება.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, საკუთარ თვითმმართველ ერთეულებში, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი აღმოფხვრის მიზნით სხვადასხვა წინადადებები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასკვნით ნაწილში საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი ანა ქებაძეც ჩაერთო და შეხვედრა დავით მელუასთან ერთად შეაჯამა.