(GIZ) პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა წარმატებით
2021-12-20 14:16:28გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდა.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელებული საგრანტო პროგრამით, ამჯერად ონსა და სენაკში მცხოვრებმა 11 - მა ბენეფიციარმა შეძლო საკუთარი იდეის განხორციელება, რაც აღნიშნულ პირებს, სამომავლოდ, ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება.
პროექტი -„ქალთა ბიზნესის მხარდაჭერა“ რომელიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში 5 ივნისიდან 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა, ახალი ბიზნესის დასაწყებად ან უკვე არსებული საქმის გასაფართოებლად, გრანტის სახით, 2000 ევროს ღირებულების საწარმოო ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა.
გრანტის მიღების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას, ბიზნეს იდეის შემუშავება და მინიმუმ 10%-იანი ფინანსური თანამონაწილეობა წარმოადგენდა.
პროექტის ხელმძღვანელისა და მასში ჩართული ექსპერტების განცხადებით, პანდემიამ ყველა სოციალურ ფენაზე მოახდინა უარყოფითი გავლენა. აღნიშნული პროგრამა კი, საჯარო ინსტიტუციებს ხელს უწყობს მოქალაქეებზე ორიენტირებული სამართლიანი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში, რაც ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
როგორც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა - რუსუდან აბულაშვილმა აღნიშნა, პროგრამა სრულ თანხვედრაშია 2030 წლის დღის წესრიგის სტანდარტებთან და მიზნებთან, მათ შორის გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობასთან. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და სხვადასხვა ბიზნეს-პროექტებში მათ ჩართულობას უზრუნველყოფს.
,,სოფლად მცხოვრებ ქალებს, რომელთაც სურთ დაიწყონ საკუთარი მცირე ბიზნესი, როგორც წესი, ან მწირი ფინანსური რესურსი აქვთ ან საერთოდ არ აქვთ წვდომა მასზე. შესაბამისად, მათ სჭირდებათ როგორც ფინანსური დახმარება, ასევე, ბიზნესის მართვის უნარებისა და ცოდნის გაზიარება, რათა შეძლონ სათანადო დონეზე ბიზნესის დაგეგმარება, ბიზნეს გეგმების მომზადება და მიეცეთ შანსი საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.
სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის მისაღწევად, ყველაზე ეფექტური გზა, მუნიციპალიტეტებში ქალი მეწარმეებისათვის ბიზნესის წამოსაწყებად, მცირე გრანტების გაცემა ან მათი ხელშეწყობაა ბიზნესის გაფართოების საკითხებში’’, - აღნიშნა პროგრამის ხელმძღვანელმა და განმარტა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, GIZ -ის მიერ განხორციელებული პროექტი სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს.
პროექტის მიმდინარეობა და შედეგები შეაფასეს GIZ-ის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმაც, რომლებიც აღნიშნულ პროცესში თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა - ნათია ღვინაშვილმა აღნიშნა, პანდემიის ფონზე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებისთვის, ბევრი ბარიერია გადასალახი, თუმცა GIZ-ის პროგრამამ ბიზნესში გამოუცდელ ქალებსაც მისცა სტიმული და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ე.წ. სტარტაპების მხარდაჭერა განსაზღვრა.
,, ჩემთვის, როგორც თვითმმართველობების გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის, რომელიც ასოციაციის მანდატის ფარგლებში, გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესს ვუწევ კოორდინირებას, ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს რეგიონში მცხოვრები ქალებისა და გოგოების წახალისება წარმოადგენს, რადგან სწორედ ძლიერი ქალები უწყობენ ხელს ოჯახების, თემებისა და საბოლოოდ ქვეყნის კეთილდღეობას.
აღსანიშნავია, რომ პროექტმა, რომელიც ბენეფიციარების განვითარებისა და წარმატების სტიმულირებაზეა ორიენტირებული, გამოუცდელ ქალებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მისცა. მჯერა, რომ აღნიშნული მიდგომა, რომელიც დამწყები ბიზნესმენებისთვის ეკონომიკური ცხოვრების პირველ საფეხურს წარმოადგენს, მნიშვნელოვნად შეცვლის მათ მომავალს და შესაბამისად, წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხშიც“, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტმა - შორენა კოჭლამაზაშვილმა კი, პროგრამის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა სასწავლო კურსს, სადაც ქალებს შესაძლებლობა მიეცათ დეტალურად გასცნობოდნენ პროექტის წერის პრინციპებს.
,, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნეს გეგმის შედგენა სპეციფიკურ მუშაობას მოითხოვდა, პროექტის ფარგლებში მოეწყო ტრენინგი და გაიმართა კონსულტაციები. აღნიშნულმა კურსმა კი, ბენეფიციარებში მნიშვნელოვნად გაზარდა მოტივაცია, რაც შემდგომ მონიტორინგებზეც აისახა.
ქალები, რომლებმაც საკუთარი იდეები, თავადვე აქციეს ბიზნეს გეგმებად, უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ. შესაბამისად, ბენეფიციარებში აღინიშნება დადებითი და პოზიტიური განწყობა ბიზნეს საქმიანობის დაწყების კუთხით. არის მზაობა და მობილიზება პროცესის განვითარებისთვის საჭირო ალტერნატიული ბაზრის და მიმართულების მოძიების მხრივ. ახალი ვირუსის არაპროგნოზირებადი გავრცელების, გლობალური ფინანსური რყევებისა და კრიზისის მიუხედავად, არ შეინიშნება შიში და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების ტენდენცია, რაც კიდევ უფრო ამყარებს პროექტის მიზნებს“, - განაცხადა შორენა კოჭლამაზაშვილმა.
ე.წ. ,,start-up’’ გარდა, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ისეთ პროექტებს მიექცა, რომლებიც შიდა მიგრაციის შემცირებას, მუნიციპალიტეტებში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას, ასევე, ტურიზმის, აგროსექტორისა და სხვა მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ორივე მუნიციპალიტეტში ქალთა ბიზნესის ხელშეწყობისთვის გრანტის სახით სულ 75 105 ლარი გაიცა, რომლის ფარგლებშიც კონკურსში გამარჯვებულმა ქალებმა, GIZ-ის კონტრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციის- „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია“ მხარდაჭერით და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა ინვენტარი და შენობა-ნაგებობების ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალები შეიძინეს.
როგორც ,,სათეფა’’-ს ხელმძღვანელმა - დავით ხოსრუაშვილმა აღნიშნა, ასოციაცია თვითმმართველ ერთეულებს აქტიურად უწევს კონსულტაციებს ბიუჯეტის ფორმირებისას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, გენდერული თანასწორობის, მათ შორის ქალთა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
,, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაც წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში ჩართულობა, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას და მათთვის პროდუქტიულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას გულისხმობს. GIZ-ის პროგრამა კი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ვფიქრობ, ჩვენი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ათეა-ს ერთიანი ძალისხმევით განხორციელებული ღონისძიებები, კიდევ ბევრ ქალს მისცემს სტიმულს რეალობად აქციონ იდეები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა დავით ხოსრუაშვილმა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროგრამის განხორციელების პირველივე ეტაპზე პროცესში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება, ხოლო პროექტები სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, ასევე, გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და დარგის ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული.
თავდაპირველად, პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა 44 ბიზნეს იდეა წარმოადგინეს, საიდანაც პროექტის კრიტერიუმები 22 -მა ბენეფიციარმა დააკმაყოფილა. კერძოდ, 11 განაცხადი ონში, ხოლო 4 სენაკში, დანარჩენი კი, უწერის, ღების, ღარის, ასევე, ძველი სენაკის, ნოქალაქევისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ქალებს ეკუთვნოდათ.
საგრანტო კონკურსი, რომელიც მუნიციპალიტეტებში ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში განხორციელდა.
სტატია მომზადებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) - ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივი მხარის სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე.