​ნათია ღვინაშვილი: ,,ათეა აძლიერებს კოორდინაციასა და ჩართულობას წევრი მუნიციპალიტეტების მიერ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში’’

2022-04-13 00:00:00

ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობისთვის გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე და ასევე, მუნიციპალიტეტებს შორის გენდერული თანასწორობის შესახებ გამოცდილების გაცვლის ქმედითი მექანიზმების შემუშავებაზე მსჯელობას დაეთმო ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) თანამშრომლობით გამართა.

​დასავლეთ საქართველოს შემდეგ, სამუშაო შეხვედრა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმში მონაწილე, აღმოსავლეთ საქართველოს, შვიდი მუნიციპალიტეტისთვის მოეწყო და მასში ქალაქ თბილისის, ასევე, თეთრიწყაროს, წალკის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და დედოფლისწყაროს თვითმმართველი ერთეულების 30-მდე წარმომადგენელი იყო ჩართული.

სამუშაო შეხვედრა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ- ნათია ღვინაშვილმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესში, გენდერული თანასწორობის საკითხებში მომხსენებელთან - ეირინ დურუსთან, ასევე, ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელთან და პროექტის მენეჯერთან - ნინო ცაგარეიშვილთან ერთად გახსნა.

ნათია ღვინაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიერ ნაკისრი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესში თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული მიმართულებით, ასოციაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ათეა-ს წარმომადგენელმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად შემუშავებული სარეკომენდაციო ხასიათის გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების დამხმარე სახელმძღვანელოს შესახებაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასოციაცია, მაისიდან კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება მუნიციპალიტეტების მიერ სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში.

„მაისის თვიდან მრავალმხრივ დატვირთული პერიოდი იწყება და პარტნიორებთან ერთად, ბევრ საინტერესო და მუნიციპალიტეტებისთვის სასარგებლო აქტივობებს ვგეგმავთ. ამ სამუშაოების ფარგლებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გენდერული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაა, რა მიზნითაც, სხვადასხვა შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარებას ვაპირებთ. ამ პერიოდში თვითმმართველობების წარმომადგენლები იმ საჭირო ცოდნითა და უნარებით აღიჭურვებიან, რომლებიც გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში დაეხმარებათ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავადაც აქტიურად ვიქნები ჩართული კონკრეტული მუნიციპალიტეტების მიერ აღნიშნული დოკუმენტების უშუალოდ შემუშავების პროცესში, სადაც ამჯერად, უკვე საექსპერტო დახმარებას გავუწევ მათ. ჩვენს ამოცანას, წევრი მუნიციპალიტეტების მაქსიმალური მხარდაჭერა წარმოადგენს, მათ სპეციფიკაზე მორგებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების როგორც შედგენის, ისე განხორციელებისა და ანგარიშგების ეტაპებზე.“-აღნიშნა ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.

ტრენინგის მონაწილეები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაზიარებული კარგი პრაქტიკის მაგალითებსაც გაეცნენ, რის შემდეგაც, შეხვედრა დისკუსიისა და ჯგუფური სამუშაოების ფორმატში გაგრძელდა.

ყვარლის მუნიციპალიტეტში გამართულ ორდღიან სემინარს -,,გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობისთვის“, ადამიანის უფლებების ექსპერტი - ანა აბაშიძე უწევდა მოდერაციას და მასში, თვითმმართველობების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები - სოფო რუსეცკი და გიორგი ტალახაძე იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრა, პროექტის -"მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.



იხილეთ ფოტო გალერეა