ათეა-სა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2022-05-10 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა (NALAG) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს, რომელიც აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა - ნიკო თათულაშვილმა მოაწერეს ხელი.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასა და შესაბამისი გარემოს შექმნას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური მექანიზმების გაუმჯობესებასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას.
დოკუმენტი, ასევე მოიცავს ვალდებულებებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფარგლებში მოქმედი თანასწორობის უზრუნველმყოფი მექანიზმების, მათ შორის, გენდერული თანასწორობის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობასა და ადგილობრივ დონეზე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის, ისე სამთავრობო სამოქმედო გეგმების ლოკალიზაციისა და განხორციელების პროცესის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონიალი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გამართული ფართომასშტაბიანი ეროვნული კონფერენციის - ,,გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები’’ ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სახალხო დამცველისა და ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.