ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ ევროსაბჭოს კონგრესსა და CEMR-ში საქართველოს დელეგაციების შემადგენლობა განაახლა
2022-05-19 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს XXXVIII სხდომა მოიწვია, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, ევროპის საბჭოს კონგრესის რეგიონთა და ადგილობრივ თვითმმართველობათა პალატაში და ასევე, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) საქართველოს დელეგაციების განახლებაზე იმსჯელეს.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განმარტა, 2021 წლის არჩევნების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევითობის მანდატი დელეგაციის სამმა წევრმა დაკარგა, რაც ავტომატურად აისახა ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაზე. შესაბამისად, საჭირო გახდა აღნიშნული დელეგაციის განახლება და ახალი შემადგენლობის წარდგენა.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ-ნათია ღვინაშვილმა კი, საბჭოს წევრებს, იმ პოლიტიკური პარტიებიდან წარმოდგენილი კანდიდატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც არჩევნების შედეგებისა და ევროსაბჭოს კონგრესის წესების მიხედვით დაიკავებენ ადგილს საქართველოს დელეგაციის განახლებულ შემადგენლობაში.
სხდომის მონაწილეთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს ადგილობრივ
და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ადგილობრივ პალატაში, დელეგაციის ძირითად შემადგენლობას პოლიტიკური პარტიის-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი-თათია ნიკოლაშვილი შეემატება. სათადარიგო წევრების ადგილებს კი, რუსთავისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიის-„საქართველოსთვის“ წევრი-ნათია შელეგია და „ლელო საქართველოსთვის“ წევრი-ლია როინიშვილი დაიკავებენ.
დღესვე, გიორგი ტყემალაძემ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში საქართველოს დელეგაციის განახლების საკითხიც წარუდგინა კოლეგებს და განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ საბჭოში საქართველოს ინტერესებს მხოლოდ ის სამი წევრი იცავს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მანდატი შეუნარჩუნდათ. ხოლო, ვინაიდან CEMR-ში საქართველოს ექვსი პირისგან შემდგარი წარმომადგენლობა ჰყავს, ევროსაბჭოს კონგრესის მსგავსად, აქაც საჭიროა დელეგაციის განახლება.
მსჯელობის შემდეგ, კენჭისყრით დადგინდა, რომ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში საქართველოს დელეგაციის ძირითად შემადგენლობას ფოთის მუნიციპალიტეტის მერი-ბექა ვაჭარაძე , ხოლო სათადარიგო წევრთა შემადგენლობას ოზურგეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები-ქეთევან ხომერიკი და შორენა ნოზაძე- ბერიძე შეუერთებიან.
აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR), რომელშიც ათეა 2010 წლიდანაა გაწევრიანებული, უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა. CEMR ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.
სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა მომდევნო სხდომის სავარაუდო თარიღსა და დღის წესრიგზეც იმსჯელეს, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ასოციაციის გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს ახალი შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს.