ზურაბ აბაშიძე CORLEAP-ის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელის სტატუსით ბრიუსელში გაემგზავრა
2022-05-24 00:00:00საქართველო, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა ხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში - CORLEAP დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - ზურაბ აბაშიძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.
დელეგაციის წარმომადგენელი, 20 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით, ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს CORLEAP-ის წევრთან - პაველ ბრანდასთან, აგრეთვე, ევრონესტისა და CORLEAP-ის სამდივნოებისა და რეგიონული აღმოსავლეთ პარტნიორობის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს სამმართველოს წარმომადგენლებთან, სადაც მხარეები სამომავლო გეგმებსა და CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევის შემდეგ განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელებენ.
აღსანიშნავია, რომ CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი და როტაციის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, თანათავმჯდომარის სტატუსს, საქართველოს ამჯერად მოლდოვა გადმოაბარებს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა, მასში მონაწილე ქართული დელეგაციის ახალი შემადგენლობა კი, ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა.
ბრიუსელში ვიზიტისას, ზურაბ აბაშიძე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ევროპის რეგიონების კომიტეტის ფარგლებში, უკრაინის საკითხებზე სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში და ჩაერთვება იმ სესიებში, რომლებიც უკრაინის რეგიონული განვითარების პროცესში, სამომავლო საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, ქვეყნის ქალაქებისა და რეგიონების რეკონსტრუქციაში ევროკავშირის წვლილზე მსჯელობას დაეთმობა.