ათეა-ს ორგანიზებით, თვითმმართველი ერთეულებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
2022-06-06 16:55:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით, თვითმმართველი ერთეულებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული ღონისძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, მრავალდონიანი თანამშრომლობისა და დიალოგის ფარგლებში მოეწყო, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, საქართველოს სახალხო დამცველთან - ნინო ლომჯარიასთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან - ნატალია ვუტოვასთან ერთად გახსნა.
ათეა-ს წარმომადგენელმა, სიტყვით გამოსვლისას, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებულ საჭიროებებსა და მიღწევებზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ დასახული მიზნის მისაღწევად კვლავ ბევრია სამუშაო, რისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ჩართულობა.
..საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიხედვით, მუნიციპალიტეტებმა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები უნდა მიიღონ მოსახლეობის სოციალური მომსახურების სფეროში, რასაც დიდი გავლენა ექნება ადამიანის სოციალური უფლებების რეალიზაციაზე საქართველოში. დელეგირების ეს პროცესი არ არის მარტივი - უფლებამოსილებათა დელეგირება საჭიროებს შესაბამის ფინანსურ, საკადრო და მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას. ამიტომაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ჩართულობა, ვინაიდან ვიცით, რომ მას მნიშვნელოვანი ექსპერტიზა გააჩნია ადგილობრივი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. 13-მა მუნიციპალიტეტმა ხელი უკვე მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ამ პროექტის ფარგლებში და ჩვენ ველით კონკრეტულ დახმარებას ევროპის საბჭოს კონგრესიდან საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად ადგილობრივ დონეზე“, - განაცხადა დავით მელუამ.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნულ სფეროში მუნიციპალიტეტების როლისა და ამოცანების შესახებ გაკეთებულ შეფასებებზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ არსებული გამოწვევების დასაძლევად, თანამშრომლობისა და დიალოგის ფორმატი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
,,უბრალო მოქალაქისთვის უწინარესი ინტერესია ის, რომ სახელმწიფომ წარმატებით შეასრულოს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება. ამ საკითხებს თუ გადავხედავთ მოქალაქის პერსპექტივიდან, ცხადად დავინახავთ დიალოგის საჭიროებას ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელ საჯარო ინსტიტუტებს შორის. ეს პირველ რიგში ეხება დიალოგს ადგილობრივ ხელისუფლებასა და ეროვნულ დონეზე არსებულ ინსტიტუციებს შორის. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს კონგრესს, რომ დღეს მოგვეცა ამ დიალოგის დაწყების საშუალება“, - განაცხადა დავით მელუამ.
შეხვედრაზე, რომელიც აქტიური დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებსა და ადგილობრივი ხელისუფლების როლზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას ანტი-დისკრიმინაციულ ვალდებულებებსა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ჯგუფებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს.
მრგვალი მაგიდის ფორმატში, ასევე, საუბარი შეეხო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწოდებულ სერვისებს, რის შემდეგაც, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს კარგი მაგალითები გაუზიარეს, თანამშრომლობის მეთოდებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნულ პროცესებში ათეას ჩართულობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრა დავით მელუამ, პროექტის ოფიცერთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენლებთან - ჯულია ნაზონთან ერთად შეაჯამა და აღნიშნა, რომ ათეამ კონგრესის მხარდაჭერით, დღეს, უკვე დაიწყო სისტემური და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის პროცესი, რაც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას, რომელიც პროექტის ,, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო, შერჩეული 13 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ასოციაციის, საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროექტი, მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის გზით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.