გიორგი ტყემალაძე და არჩილ ჩიქოვანი ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს
2022-06-11 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს XXXIX სხდომა მოიწვია, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატურები განიხილებოდა.
სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, კვლავ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე დაიკავებს. მეორე ვიცე- პრეზიდენტად კი, საბჭოს წევრებმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი - არჩილ ჩიქოვანი აირჩიეს.
თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, კოლეგებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი და ეფექტიანი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
დღესვე, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, ასოციაციის გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
გასვლით სხდომას, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახლად არჩეული წევრები, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.