ათეას აღმასრულებელი საბჭოს წევრებისთვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2022-06-11 00:00:00ათეა-ს პარტნიორი, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN WOMEN) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებზე ასოციაციის წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გახსნა, რომელიც ამავდროულად, ორგანიზაციაში გენდერული თანასწორობის მიმართულებაზე მუშაობს და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) ეროვნული კოორდინატორისა და გენდერული თანასწორობის მმართველი კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფის წევრის რანგში, საქართველოს თვითმმართველობების ინტერესებს წარმოადგენს.
ნათია ღვინაშვილმა, აღმასრულებელი საბჭოს წევრებს, ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან ერთად, ათეა-ს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც, შეხვედრის მონაწილეებმა, ასოციაციის სამომავლო გეგმები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით, მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და გამოწვევების დაძლევის გზები დასახეს.
„ასოციაციის მანდატიდან გამომდინარე, საბჭოს წევრებმა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერეს, რომელთა შორისაც სპეციალური აქცენტები მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების გაძლიერებაზე და ასევე, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების მნიშვნელობასა და პროცესზე გაკეთდა. მისასალმებელი და აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ საბჭო არა მხოლოდ ასოციაციის მიერ უკვე დაგეგმილ ღონისძიებებში ჩაერთვება აქტიურად, არამედ მოიცავს იმ მთლიან პროცესს, რომელიც ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის ეფექტიან განხორციელებას მოიაზრებს“-განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულების მერებისა და საკრებულოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი იღებდა მონაწილეობას.