სერგო ხიდეშელი: ათეა, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ხელს უწყობს დიალოგის უფრო ეფექტიანად გამართვაში
2022-06-11 00:00:00ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, ღონისძიება, სახელწოდებით-„საზაფხულო სკოლა“ გამართა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა მონაცემებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაზე მსჯელობას დაეთმო.
სამდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაიმართა, ადამიანის უფლებების საკითხებზე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენელმა - ჰერალდ ბერგმანმა, საქართველოს ადგილობრივ თითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან - სერგო ხიდეშელთან ერთად გახსნა.
ათეა-ს წარმომადგენელმა, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ასოციაციისა და ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და ერთობლივი პროექტის -„მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა.
,,აღსანიშნავია, რომ ათეასა და ევროსაბჭოს კონგრესს დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი თუ ღონისძიება განუხორციელებიათ. თუმცა, ადამიანის უფლებების ლოკალიზაციის მიმართულებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პირველი, ასეთი ტიპის, პროექტია საქართველოში. ის მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე და ხელს უწყობს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც დამეთანხმებით ძალზედ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სერგო ხიდეშელმა.
მისივე განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული, რასაც საერთაშორისო კონვენციები და მათი თანმდევი დოკუმენტები განამტკიცებს და აღნიშნა, რომ ათეამ, როგორც თვითმმართველობების გამაერთიანებელმა ქოლგა ორგანიზაციამ, საკუთარი საქმიანობის მარეგულირებელ დოკმენტებში და მათ შორის ასოციაციის წესდებაში, უკვე ასახა ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის პრინციპები.
,,აღნიშნული დოკუმენტი ასოციაციამ, მიმდინარე წლის მარტში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ეროვნულ ასამბლეაზე წარადგინა, რომელსაც კენჭისყრით, ერთხმად დაუჭირა მხარი ასამბლეის უკლებლივ ყველა დელეგატმა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, კონგრესის მუშაობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა, რაც ასევე, პრიორიტეტია ათეასთვის, ვინაიდან აღნიშნული თანხვედრაშია ასოციაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებთან და ამოცანებთან“- განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო წევრმა.
სერგო ხიდეშელმა, პროექტის ფარგლებში, ათეას მიერ შექმნილი, მუნიციპალიტეტების პლატფორმაზეც ისაუბრა, რომელიც მისივე განმარტებით, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ხელს უწყობს ადამიანის უფლებების შესახებ, მათ შორის გენდერული თანასწორობის მიმართულებით, დიალოგის უფრო ეფექტიანად გამართვაში.
,,ათეა მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებს მათ სპეციფიკაზე მორგებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა გენდერული თანასწორობის პლატფორმა, რათა კოორდინაცია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 7 ივნისს, აღმასრულებელი საბჭოს ფორმატში განახლდა ათეას გენდერული თანასწორობის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს აღნიშნული მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ახლახანს მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან. ორივე დოკუმენტი ადამიანის უფლებებისა და მათ შორის გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვისა და გაძლიერების საკითხებზე თანამშრომლობას მოიაზრებს“, - განაცხადა სერგო ხიდეშელმა და როგორც პარტნიორ ორგანიზაციებთან, ასევე მუნიციპალიტეტებთან სამომავლოდ კიდევ უფრო პროდუქტიული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.