ნათია ღვინაშვილი-„რეალური შედეგის მისაღწევად, აუცილებელია უფრო მჭიდრო და კონსტრუქცილი ინტერსექტორული თანამშომლობა“
2022-06-09 00:00:00ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით, ფორუმი, სახელწოდებით -„საზაფხულო სკოლა“ გაიმართა.
სამდღიანი ღონისძიება, რომელიც პროექტში ,, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ – ჩართული 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის მოეწყო, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა მონაცემებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაზე მსჯელობას დაეთმო.
ფორუმი ადამიანის უფლებების საკითხებზე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენელმა - ჰერალდ ბერგმანმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან - სერგო ხიდეშელთან ერთად გახსნა.
ათეა-ს წარმომადგენელმა, ასოციაციისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ფორუმი რამდენიმე სესიად დაიყო, რომლის პირველი ნაწილიც კონგრესის წარმომადგენლების მიერ, აღნიშნული მიმართულებით, ევროპული გამოცდილების გაზიარებას, რეკომენდაციებსა და ინფორმაციის გაცვლას დაეთმო.
შეხვედრის მეორე ნაწილში კი, დამსწრე საზოგადოებამ, ადგილობრივ დონეზე მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების მექანიზმები განიხილა და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მონაცემების ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენების გზებზე იმსჯელა.
ფორუმის მეორე დღეს, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნულმა კოორდინატორმა და გენდერის ექსპერტმა - ნათია ღვინაშვილმა, საერთაშორისო გამჭვირვალობის ,, საქართველო“ და ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის’’ წარმომადგენლებთან - ზვიად ქორიძესთან და თამთა მიქელაძესთან ერთად გახსნა, საქართველოში მონაცემთა შეგროვების პრაქტიკაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, ახალი მექანიზმების დანერგვის შესახებ იმსჯელეს.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, სიტყვით მიმართეს მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებისა და პლატფორმის - სალამი წევრებმა - ოლგა ენდელაძემ და ქამრან მამედლიმ, რის შემდეგაც, შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს და ე.წ თემატური. ,,ჩექლისტები“ წარმოადგინეს.
ფორუმის ფარგლებში, აგრეთვე, მოეწყო პრეზენტაციები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე, მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობებისა და შეზღუდვების, ასევე აღნიშნული მიმართულებით, დროისა და რესურსების მინიმალური გამოყენებით არსებული მეთოდებისა და ინსტრუმენტების განხილვას დაეთმო.
სამდღიანი შეხვედრა, ნათია ღვინაშვილმა, იუნესკოს ფარგლებში, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ადამიანის უფლებათა ხელშეწყობის საერთაშორისო ცენტრის უფროს სოციალურ მკვლევართან - იზაბელა მეიერთან ერთად შეაჯამა.
ათეა-ს წარმომადგენელმა - საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემულ უფლებამოსილებებს გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ მათი დელეგირებისას, თვითმმართველი ერთეულების კომპეტენცია კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ასევე მნიშვნელოვნად აისახა ადამიანის უფლებებისა და მათ შორის გენდერული თანასწორობის სფეროებში.
მანვე, არასამთავრობო სექტორს აღნიშნულ პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ უფრო კონსტრუქციული მუშაობის იმედი გამოთქვა.
,,მადლობას ვუხდი არასამთავრობო სექტორს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, თუმცა როგორც ამ შეხვედრაზეც გამოიკვეთა, სპეციალური ცოდნისა და დიალოგის გარეშე შეუძლებელია კონკრეტული შედეგების მიღწევა. შესაბამისად, აუცილებელია უფრო მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც პირველ რიგში, ზუსტი და სამართლიანი ინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს. მეორეს მხრივ კი, ეს იქნება ერთგვარი გარანტი იმისა, რომ გამოწვევებისა თუ პრობლემების ასეთ ფორმატში იდინტიფიცირების გზით, ერთობლივად გამოვავლენთ მათი გადაჭრის რეალურ საშუალებებსაც, რაც უწინარესად აისახება თითოეულ მოქალაქეზე. მჯერა, რომ სწორედ ეს არის აქ შეკრებილი საზოგადოების ის საერთო ინტერესი, რამაც დღეს გაგვაერთიანა“ - აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.
მანვე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ორივე დოკუმენტი ადამიანის უფლებებისა და მათ შორის გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვისა და გაძლიერების საკითხებზე თანამშრომლობას მოიცავს.
ფორუმს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაიმართა, პროექტის ოფიცერი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენელი - ჯულია ნაზონი, ადამიანის უფლებათა ექსპერტი - ანა აბაშიძე და კვლევისა და მონაცემთა მართვის ექსპერტი - თამარ გველესიანი უწევდნენ მოდერაციას.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფალთა კონგრესისა და დემოკრატიის გენერალური დირექტორატის, ასევე არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველოს ორგანიზებითა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ,, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო.
ფოტო ალბომი