ევროპის საბჭოს კონგრესის პროექტის მმართველი კომიტეტის მეორე სხდომა
2022-06-23 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა-ნინო ლაცაბიძემ და ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა - ლევან ჟორჟოლიანმა, ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან და ასოციაციის წევრი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან - ნიკოლოზ ჯანიაშვილთან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან - დევი დევიძესთან, და ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან-ნანა თავდუმაძესთან ერთად, ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის - „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, მმართველი კომიტეტის მეორე სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურმა მდივანმა - ანდრეას კიფერმა, დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა- დანიელ პოპესკუმ, ასევე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდრე კარნერიმ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის უფროსის მოადგილემ - სტეფან სირბუმ გახსნეს.
მომხსენებლებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ქართული მხარის აქტიურ ჩართულობას გაუსვეს ხაზი, რაც მათივე განცხადებით, გადამწყვეტ როლს თამაშობს პროექტის მიზნების მიღწევაში.
სხდომის მონაწილეებმა, პროექტის 2021 წლის მიღწევები მიმოიხილეს და 2022 წლის პრიორიტეტებზე, პერსპექტივებსა და საჭიროებების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაში, რომელიც ,,ივენთ ჰოლში“ გაიმართა, საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ასევე, სახალხო დამცველის აპარატისა და პროექტის სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
პროექტი - „საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე“ მიზნად ისახავს გააძლიეროს დემოკრატიული საზოგადოების მონაწილეობა და ადამიანის უფლებების დაცვა ადგილობრივ დონეზე. აღნიშნული პროექტის მეშვეობით, გაიზრდება როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ისე მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებას და გამოყენებას.
პროექტს ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი.