გენდერულ ბუჯეტირებაზე საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ტრენინგები გრძელდება
2022-07-19 00:00:00გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე, საჯარო მოხელეების გადამზადების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის ტრენინგების ციკლი გრძელდება.
სასწავლო კურსი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, მონაწილეებს გენდერული თანასწორობის, საჯარო ფინანსების მართვისა და კარგი მმართველობის საკითხებს შორის კავშირების გააზრებაში ეხმარება, რაც მათ, ასევე, ხელს უწყობს უნარებისა და ცოდნის გაღრმავებაში.
ტრენინგების ორგანიზატორების განცხადებით, 2022 წლის ბოლომდე, საქართველოში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე კვალიფიკაციას, 300-მდე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი აიმაღლებს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის - ნათია ღვინაშვილის განცხადებით, პირველად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვაზე საუბარი 2012 წელს დაიწყო, თუმცა აღნიშნული საკითხი დღესაც გამოწვევად რჩება.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ აღნიშნული საკითხის სათანადო დაგეგმვას, რომელიც დაეხმარება საჯარო მოხელეებს, გაიაზრონ, თუ რამდენად საჭიროა თითოეული პროგრამისა და ქვეპროგრამის გენდერულ ჭრილში განხილვა, რათა მუნიციპალიტეტების ფინანსურ დოკუმენტებში კაცებისა და ქალების საჭიროებები უფრო თანასწორად იყოს გათვალისწინებული“- აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელმა განმარტა, საჯარო მოხელეთა ამგვარი მასშტაბის ტრენინგი გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხებზე საქართველოში პირველად ტარდება.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალისხმევა ხელს შეუწყობს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების პრაქტიკულ ინტეგრირებას სახელმწიფო უწყებების პოლიტიკისა და ბიუჯეტის დაგეგმვასა და განხორციელებაში“,- განაცხადა ტარიელ ჭულუხაძემ.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა (NALAG) და სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის, რამდენიმე თვის წინ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტსაც, აღნიშნული მიმართულებით, საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგ - სემინარების ეფექტიანად დაგეგმვა და წარმართვა, ასევე, განხორციელების კუთხით თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმოადგენს.
ტრენინგების შინაარსობრივი ნაწილი, რომლებიც ოფიციალურად აკრედიტებული პროგრამით ტარდება, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავდა.
აღსანიშნავია, რომ შექმნილია პროგრამის ონლაინ მოდულიც, რომელიც ამჟამად პილოტირების პროცესშია. კურსის საბოლოო ვერსია კი, წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.
ინიციატივა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.