ათეამ, UNDP -თან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო
2022-09-16 14:55:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პროექტის - ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, ათი სამიზნე მუნიციპალიტეტისთვის ტრენინგების სერია დაიწყო.
სამუშაო შეხვედრები, რომელსაც დამოუკიდებელი ექსპერტი - ანა აბაშიძე უძღვება, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხების, სამართლებრივი ჩარჩოსა და პრინციპების გაცნობას შეეხება.
პირველი ტრენინგი ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოეწყო, სადაც სამიზნე აუდიტორიას მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ასევე, აღნიშნულ თემაზე მომუშავე მერიის ადმინისტრაციისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები წარმოადგენდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა გენდერული უთანასწორობის საფუძვლების, ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის სტრატეგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს, რის შემდეგაც, გუნდური სამუშაო სესია მოეწყო, სადაც მონაწილეებმა აღნიშნული მიმართულებებით, მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ექსპერტებთან ერთად, მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ტრენინგების სერია, რომელიც დასავლეთ საქართველოდან ქუთაისის, ჭიათურის, ზესტაფონის, ბაღდათისა და სამტრედიის, ხოლო აღმოსავლეთიდან - მცხეთის, მარნეულის, თიანეთის, თეთრიწყაროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს მოიცავს, მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.