ათეა გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის მიმართულებით, წევრი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას განაგრძობს
2022-09-17 00:00:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის მიმართულებით, წევრი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას განაგრძობს და საკონსულტაციო შეხვედრების ციკლს, ამჯერად, პროექტის - ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნული კოორდინატორი და გენდერის ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი, იმ თვითმმართველ ერთეულებთან მართავს კონსულტაციებს, რომლებსაც ამ დრომდე არ აქვთ დამტკიცებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმები.
ქუთაისის, მცხეთის, თეთრიწყაროსა და დუშეთის შემდეგ, ნათია ღვინაშვილი თბილისის, ჭიათურის, თიანეთისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა და დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების ეტაპებთან და პრინციპებთან დაკავშირებით.
,, როგორც მოგეხსენებათ, ათეა წევრ მუნიციპალიტეტებს გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში, თანასწორობის პრინციპების დანერგვისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგებაში ეხმარება. ამ მიზნით, დავგეგმეთ საკონსულტაციო შეხვედრები 8 სამიზნე მუნიციპალიტეტთან, რომლებთანაც პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა.
მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო მხარდაჭერა და დავეხმარო ასოციაციის წევრ მუნიციპალიტეტებს მათ ადგილობრივ საჭიროებაზე მორგებული, რეალისტური და ეფექტიანი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში.
ჩვენი მიზანია, განუხრელად დავიცავთ გრაფიკიც, რომლის მიხედვითაც, ჯამურად 40 შეხვედრის ჩატარებაა დაგეგმილი. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე თვის ბოლოს, ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში შემუშავდება სამოქმედო გეგმის მინიმუმ სამუშაო ვერსიები, რომლებიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება კიდეც”, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა და დამსწრე საზოგადოებას, რეკომენდაციის სახით, აღნიშნული მიმართულებით დასაგეგმი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, მომდევნო საკონსულტაციო ჩართვამდე, მუნიციპალიტეტებში შეიქმნება სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც საწყის ეტაპზე, ადგილზე არსებული საჭიროებების გამოვლენისა და მოსახლეობის ყველა რგოლის ინტერესების დაცვის მიზნით, სიტუაციის ანალიზზე დაიწყებენ მუშაობას, რომელიც პრიორიტეტიზაციის პროცესით გაგრძელდება.