ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ათეა-ს წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა
2022-10-04 17:55:00ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვისა და თვითმმართველობის პლატფორმის გაძლიერების მიზნით, უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით, თემატური შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, სამომავლო სტრატეგიული მიზნების დასახვის მიზნით მოეწყო, ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროსაბჭოს კონგრესის მომხსენებელმა - ჰერალდ ბერგმანმა და ათეას წარმომადგენელმა - ლევან ჟორჟოლიანმა გახსნეს.
შეხვედრის პირველი ნაწილი 3 ოქტომბერს თბილისში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობათა ფორუმზე შემუშავებული დეკლარაციის პრინციპებისა და კონცეფციის განხორციელების სამომავლო გეგმებზე მსჯელობას დაეთმო, რომლის მიხედვითაც, ათეა, როგორც თვითმმართველობების ქოლგა ორგანიზაცია, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხების მიმართულებით, საკუთარი წევრი მუნიციპალიტეტების ინტერესების დამცველი და მათი ქმედითი წარმომადგენელი იქნება.
კერძოდ, აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ საკითხებზე შესაძლებლობების გაძლიერებაში, ათეა ერთ-ერთ წამყვან როლს შეასრულებს, რათა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დასაქმებულ პირებს ჰქონდეთ ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტების ადამიანის უფლებების ჭრილში გაანალიზების, მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვისა და საბიუჯეტო პროცესში აღნიშნული უფლებების გათვალისწინების, ასევე, ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელების პროცესზე დაკვირვებისა და გავლენის გაზომვის შესაძლებლობა.
დღესვე, შეხვედრის მონაწილეებმა ქართველ ექსპერტებთან და ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლებთან ერთად, ადამიანის უფლებების პრინციპების, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკების, ასევე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მრავალდონიან მმართველობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობაზე იმსჯელეს და აღნიშნული მიმართულებით, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების პირველი პირებისგან საკუთარ თვითმმართველ ერთეულებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
თემატური შეხვედრის მეორე ნაწილში, ადამიანის უფლებების საკითხებზე ექსპერტმა - ანა აბაშიძემ პრეზენტაცია წარმოადგინა და მონაწილეებს, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებების შესახებ მიაწოდა ინფორაცია. მანვე, საქართველოს 2022-2030 წ. წ. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის შემუშავების პროცესიც, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიწყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დოკუმენტი, რომელზეც საქართველოს პარლამენტი მიმდინარე პერიოდში მუშაობს, განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებს, რამაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვა უნდა უზრუნველყოს.
შეხვედრა, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოში განყოფილების უფროსთან - მარიტე მორასთან ერთად შეაფასა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა, ევროსაბჭოს პროექტის - “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლოდ კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
აღნიშნული ღონისძიება პროექტის - “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.