ათეამ სამიზნე მუნიციპალიტეტებში ტრენინგების ციკლი დაასრულა
2022-10-10 17:50:00ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხების, სამართლებრივი ჩარჩოსა და პრინციპების გაცნობის მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ათ სამიზნე მუნიციპალიტეტში, ტრენინგების ციკლი დაასრულა.
შეხვედრებს, რომლის აუდიტორიასაც მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ასევე, აღნიშნული თემით დაინტერესებული, მერიის ადმინისტრაციისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები წარმოადგენდნენ, დამოუკიდებელი ექსპერტი - ანა აბაშიძე უძღვებოდა.
ტრენინგები ათ მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა გენდერული უთანასწორობის საფუძვლების, ადგილობრივი და საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის სტრატეგიების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. ტრენინგები, ასევე, გუნდურ სამუშაო სესიებს მოიცავდა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ აღნიშნული მიმართულებებით, მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ემსჯელათ.
ტრენინგების სერია, 16 სექტემბერს დაიწყო და დასავლეთ საქართველოდან ქუთაისის, ჭიათურის, ზესტაფონის, ბაღდათისა და სამტრედიის, ხოლო აღმოსავლეთიდან - მცხეთის, მარნეულის, თიანეთის, თეთრიწყაროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტები მოიცვა.
აღნიშნული შეხვედრები ათეამ, პროექტის - ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით განახორციელა.
ფოტო გალერეა