ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით, შეხვედრა გაიმართა
2022-10-13 14:55:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ნათია ღვინაშვილი, ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამართულ ერთობლივ სამუშაო შეხვედრაში ჩაერთო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით მოეწყო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მონიტორინგის მეთოდოლოგია, რომელსაც სახალხო დამცველი კონგრესის მხარდაჭერით შეიმუშავებს, სტამბოლის კონვენციის პრევენციის სვეტზე დაფუძნებული დოკუმენტი იქნება.
ორგანიზატორების განცხადებით, მეთოდოლოგია შესაძლებელია მოიცავდეს კითხვარების შემუშავებას თითოეული უწყებისთვის, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაგეგმოს და განახორციელოს პრევენციის აქტივობები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.
როგორც ნათია ღვინაშვილმა განაცხადა, დღეს გამართული სამუშაო შეხვედრა, ინფორმაციის შეგროვებისა და ამასთანავე, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, თვითმმათველობების წარმომადგენელთა პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.
მანვე შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ასოციაციის წევრ მუნიციპალიტეტებში აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა და შესაბამის სამთავრობო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
,,ათეასთვის, როგორც ევროპის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება და გაძლიერება, შესაბამისად აქტიურად ჩავერთვებით იმ პროცესებში, რომლებიც საქართველოს მიერ ეროვნულ დონეზე აღებულ ვალდებულებებს და მათ შორის ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული ღონისძიებებისა და პრევენციის ყოვლისმომცველი მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
ონლაინ შეხვედრა, პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ უფროსმა ოფიცერმა - მარიამ ჯაჯანიძემ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა - სოფიო რუსეცკიმ გახსნეს.
შეხვედრის მეორე ნაწილი კი, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების უმთავრესი პრინციპების გაცნობას დაეთმო, რაც დამსწრე საზოგადოებას, ევროპის საბჭოს კონსულტანტმა, გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ექსპერტმა - ვალენტინა ანდრასეკმა, წარუდგინა.
დღესვე, შეხვედრის მონაწილეებს, პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით არსებული გამოცდილებები და გამოწვევები გაუზიარეს - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა - მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ - გიორგი ღურჯუმელიძემ, ასევე ბოლნისისა და შუახევის მუნიციპალიტეტების საკრებულოების გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეებმა - ფერიდე ტვილდიანმა და ფატი ჭაღალიძემ, რის შემდეგაც შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა.